ჩემი შვილი მოკლულია, ვიღაცას ჰყავს გატყუებული სახლიდან - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

გამოქვეყნდა:

ვიღაცას ჰყავს გატყუებული, არ არის ეს გოგო იმ მხარეში ნამყოფი და რანაირად მივიდოდა, - ამის შესახებ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ "მთავარ არხთან" ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, ბაჩალიაშვილი კონკრეტულ ადგილს ეძებდა და ის ვიღაცამ სახლიდან გაიტყუა. 

ზუსტად არ მახსოვს ვინ მითხრა, პოლიციელმა, გამომძიებელმა თუ იქ მაცხოვრებელმა. მინდორს ვეძებო, მინდორსო. ყველას ეგ უკვირდა, რომ რა მინდორს ეძებდა, ირგვლივ ყველგან მინდორია. კონკრეტულად რაღაც მინდორს ეძებდა. ვფიქრობ, რომ ირგვლივ კი სულ მინდორია, მაგრამ გარშემო დასახლებული პუნქტია და შუაშია მინდორი, რომ უნდა ენახა საკუთრივ ის მინდორი. ვიღაცას ჰყავს გატყუებული, არ არის ეს გოგო იმ მხარეში ნამყოფი და რანაირად მივიდოდა, - ამბობს თეონა თამაზაშვილი.

გარდაცვლილის დედა ასევე ამბობს, რომ საქმე კომპიუტერულ საქმეს უკავშირდება. მისივე თქმით, გამოძიება საქმის კურსში არ აყენებს და ოჯახთან არ თანამშრომლობს. 

თავის კომპიუტერს არასოდეს არ ტოვებდა სახლში, დიდიხნით, რომ გასულიყო, დავუშვათ 4-5 საათით იმდენად პატარაა ის "მაკ ბუქი", რომ სულ თან დაჰქონდა. რომ ვნახე კომპიუტერი სახლში, რაღაც არ მესიამოვნა. რატომ დატოვა თამუნამ "მაკ ბუქი", როგორ შეელია? ფაქტია, რომ რაღაც კომპიუტერულ საქმეს უკავშირდება, მე არ ვიცი, სამსახურიდან იყო თუ რამე სხვა რაღაცა. ისეთ სისტემაში შეაღწია, სადაც არ უნდა შეეღწია და მიხვდა, რომ იმითი არ აცოცხლებდნენ. გამოძიებასაც ტაატით მიჰყავს საქმე. არავინ მიკავშირდება, საქმის კურსში არავინ მაყენებს, რომ რა ვერსიაზეა ლაპარაკი. ვეჭვობ, რომ რაღაცების მიტყეპება და მიწებება უნდათ და ეგრე უბრალოდ დახურვა. მაგრამ მე, ამ წუთას არ შემიძლია, მაგრამ არ დავისვენებ ჩემს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, - თქვა თეონა თამაზაშვილიმა. 

თამარ ბაჩალიაშვილის ექსპერტიზის პასუხები ცნობილი დაახლოებით ერთ კვირაში გახდება.   

შეგახსენებთ, რომ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის გოგო
თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
 მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

ცნობისთვის, 25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად სცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი