ახალი გარემოებები თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში - ვის ეძებდა 23 წლის პროგრამისტი. "მთავარი არხისთვის" ცნობილი ხდება, რომ თამარი გარდაცვალებამდე სოფელ მაწევანში იმყოფებოდა.
როგორც სოფელ მაწევანში მცხოვრები ლანა ჩიხრაძე გვიყვება, 18 ივლისის საღამოს მან თამარ ბაჩალიაშვილი დაინახა, რომელმაც სოფლის გზაზე მანქანით ჩაიარა.
"ზუსტად დრო არ მახსოვს მაგრამ საღამოს საათებში დავინახე პატარა, მომცრო, ნაცრისფერი მანქანა. დავინახე მხოლოდ მძღოლი, გოგონა," - ამბობს ჩიხრაძე.
ჟურნალისტის, ლაშა კვესელაძის კითხვაზე, საიდან სად მიდიოდა ის, თვითმხილველი ამბობს, რომ თამარი ავტომამაგისტრალიდან სოფლის მიმართუებით გადაადგილდებოდა, მანქანას ნელა მართავდა და სოფელში მდებარე სახლებს აკვირდებოდა.
რა მიზანი ჰქონდა ან რას ეძებდა 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი სოფელ მაწევანში, ეს ჯერ-ჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის გოგო
თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
ცნობისთვის, 25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად სცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.