გაგვიტაცეს, ხელებით, ფეხებით, ხელკეტებით გვცემეს, ყბებში გვირტყეს - ჯაფარიძე დაკავების დეტალებზე

გამოქვეყნდა:

"ოქმის გაფორმება ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ დაგვაკავეს, ჩვენ გაგვიტაცეს და აქეთ დაგვაბრალეს კანონდარღვევა" - ამბობს "გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერი" ზურაბ ჯაფარიძე. 

მისი თქმით, აქციაზე არავისთვის არანაირი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია და ვერც ვერავინ მოიტანს ამის მტკიცებულებას.  

როგორც ჯაფარიძე ამბობს, დაკავების შედეგ ის სპეცრაზმელებმა სცემეს და  დაზიანებები, რომლებიც თავის არეში აღენიშნება, ხელკეტებისგან აქვს მიღებული.

"სინამდვილეში ეს არის ჩვენი გატაცების საქმე. ჩვენ ვიყავით აქციაზე, არავისთვის არანაირი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია, პირიქით იქ, სპეცრაზმის წევრებმა დაიწყეს ახალგაზრდების ცემა, რა დროსაც კადრი  ჩანს, რომ მე ზურგით ვდგები სპეცრაზმთან, რომ ამ ბავშვებს გადავეფარო და  მაგ დროს გადამათრიეს უკან, მიმათრევდნენ და მირტყამდა 5-6 ადამიანი. 

მას შემდეგ რაც შემათრიეს იმ ჭიშკრის შიგნით, 9 აპრილის ქუჩაზე, საიდანაც გამოდიან ხოლმე, შიგნით გააგრძელეს ჩვენი ცემა, ხელებით, ფეხებით, ხელკეტებით, მათ შორის თავზე რაც დაზიანებები მაქვს ხელკეტებისგან მაქვს. 

მე შიგნით გავაგრძელე საუბარი, პოლიციელებს ვესაუბრებოდი, რის შემდეგაც გააგრძელეს და ფეხზე დამდგარი გვცემეს, ყბებში გვირტყეს. ამის შემდეგ გვითხრეს, რომ თუ ლაპარაკს გავაგრძელებდით ისევ გააგრძელებდნენ, რის შემდეგაც მე ლაპარაკი შევწყვიტე. ყველას ეკეთა ნიღბები და სახე არ ვიცი არავის, თვალები მახსოვს...

ჩუმად ვიდექით, იმიტომ, რომ ლაპარაკზე გვცემდნენ, ვუსმენდი როგორ გეგმავდნენ რუსთაველის გაწმენდის ოპერაციას..." ამბობს ჯაფარიძე.

მისი თქმით კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ძალადობას და არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.

ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი ხვალამდე გადაიდო. ექიმის დასკვნით, მათ საავადმყოფოში გამოკვლევებზე გადაყვანა ესაჭიროებათ, რადგან არ არის გამორიცხული თავის ტვინის დაზიანებები ჰქონდეთ მიღებული. 

ჯაფარიძე და მოსიაშვილი რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე 7 მარტის ღამეს, აქციის დარბევისას დააკავეს. პოლიციამ მათი მისამართით ფიზიკური ძალა გამოიყენა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი