
აშშ-ის დაზვერვა თვლის, რომ რუსეთის დაზვერვასთან დაკავშირებული პირები გეგმავენ საპროტესტო აქციების გამართვას მოლდოვაში, მოლდოვის მთავრობის წინააღმდეგ აჯანყების გამოწვევისა და იქ პრორუსული მთავრობის დაყენებაა - განცხადება ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ გააკეთა.
კირბის თქმით, აშშ თვლის, რომ რუსეთი მუშაობს მოლდოვის მთავრობის დასუსტებაზე, რომელიც პროევროპულია და ევროკავშირთან დაახლოებას ცდილობს.
მოლდოვას დედაქალაქ, კიშინიოვში, ბოლო კვირების განმავლობაში პრორუსული პარტიის ორგანიზებული ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები გაიმართა.
ბაიდენის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ მოსკოვი აქტიურად ავრცელებს დეზინფორმაციას მოლდოვას სტაბილურობის შესახებ და ამის ერთ-ერთ მაგალითად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება მოჰყავს, თითქოს უკრაინა დნესტრისპირეთში აპირებდა შეჭრას.
კრემლის გეგმაზე, სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით, განცხადება მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ გასულ თვეში გააკეთა. მისი თქმით, ინფორმაცია ოფიციალურ კიშინიოვს უკრაინულმა მხარემ მიაწოდა.