
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეს, თემურ ღვინჯილიას, რომელსაც კონტრაბანდული სიგარეტის გასაღებას ედავებიან, ბრალი უკვე წაუყენეს და დღეს, სავარაუდოდ, სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. პროკურატურამ სასამართლოს უკვე მიმართა ღვინჯილიას წინასწარ პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობით.
ადვოკატის თქმით, დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს.
უშულოდ სიგარეტის ჩატვირთვის მომენტში ბატონი თემური იქ არ იმყოფებოდა, როგორც საქმის მასალებიდანაც ჩანს და დააფიქსირა მეორე დაკავებულმა პირმა გამოკითხვაზე. ის მანამდე იყო გადმოსული და ავტომანქანით სვლა გააგრძელა მეორე პირმა, რომელმაც შემდეგ გამოძიებას განუცხადა, რომ თვითონ შეიძინა [სიგარეტი] და დატვირთა მანქანა, - თქვა ღვინჯილიას ადვოკატმა.
საქმის მასალების მიხედვით, თემურ ღვინჯილიას დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი სამსახურეობრივი მანქანით ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოჰქონდა. საუბარია 8 312 კოლოფ უაქციზო სიგარეტზე. საკრებულოს თავმჯდომარეს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ამავე საქმეზე დაკავებულია წალენჯიხის საკრებულოს აპარატის კიდევ ერთი თანამშრომელი.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსანი გუშინ, 26 ივლისს გამთენიისას დააკავეს.