
"ათობით მებრძოლი არ ჩამოსულა უკრაინიდან, ჩამოვფრინდი მხოლოდ მე და თუ რამის თქმა გინდათ, შეგიძლიათ ჩემი სახელი ახსენოთ", - ასე გამოეხმაურა უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცი, ნადიმ ხმალაძე საქართველოს პრემიერმინისტრის ბრალდებებს.
როგორც ხმალაძემ განაცხადა, მან აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მხოლოდ მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს და არანაირი მოწოდებით არ გამოსულა.
"ბატონო პრემიერო, ათობით მებრძოლი არ ჩამოსულა უკრაინიდან. ჩამოვფრინდი მხოლოდ და მხოლოდ მე და თუ რამის თქმა გინდათ, შეგიძლიათ ჩემი სახელი და გვარი თქვათ, იმიტომ რომ მინიშნებით არ გამოვა არაფერი. მე ორი სიტყვით გამოვედი და მხოლოდ და მხოლოდ ახალგაზრდობას მადლობა გადავუხადე, არანაირი მოწოდება არ გამიკეთებია. ჯერ ძმები გვიწოდა და მერე სასირცხვილოები და რატომღაც ძალიან არეულები არიან", - თქვა ნადიმ ხმალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 მარტს, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ საქართველოში უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცები არიან ჩამოსულები, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოაწყონ.