
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, უკვე კვირაზე მეტია ვიქტორ ყიფიანი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი აღარაა და მისი განცხადებების ივანიშვილთან დაკავშირება სპეკულაციაა.
ყიფიანმა სომხურ მედიასთან ინტერვიუში "ქართული ოცნება" რუსული კანონპროექტის გამო გააკრიტიკა. "ოცნებაში" დღეს გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ თქვა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ის ვიქტორ ყიფიანზეც გავრცელდებოდა და სწორედ ამიტომ "ჩაერთო ყიფიანი პოლიტიკაში".
"რაც შეეხება ვიქტორ ყიფიანს, ის უკვე კვირაზე მეტია აღარაა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი. იყო გარკვეული სპეკულაციური მცდელობა, რომ მისი განცხადებები დაეკავშირებინათ ბიძინა ივანიშვილისთვის, კვირაზე მეტია ის აღარაა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის და პირდაპირ შევიდა პოლიტიკაში. გარდა ამის, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ის კანონი, რომელიც ჩვენ უნდა მიგვეღო გავრცელდებოდა ვიქტორ ყიფიანზეც, როგორც უცხოური გავლენის აგენტზეც, ესეც, ალბათ ერთ-ერთი ფაქტორია, რატომაც ის ძალიან სწრაფად ჩაერთო პოლიტიკაში", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის სიტყვებითვე, ივანიშვილმა ყიფიანია "კონკრეტული მიზეზების გამო" გაათავისუფლა, თუმცა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან მიზეზებზე არ ისაუბრა.
"ჩემი ინფორმაციით, არა ვიქტორ ყიფიანი ჩაეხსნა ბიძინა ივანიშვილის, არამედ ბიძინა ივანიშვილმა ჩახსნა ვიქტორ ყიფიანი. თუმცა ამაზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება, ამასთან დაკავშირებით, ალბათ, შესაბამისი მხარეები გააკეთებენ კომენტარს", - თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, ვიქტორ ყიფიანმა სომხურ მედიასთან ინტერვიუში ბოლო დროს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და რუსულ კანონთან მიმართებაში "ქართული ოცნება" გააკრიტიკა.
ინტერვიუ იმ პერიოდში ჩაიწერა, როცა ხელისუფლებას კანონების გაწვევაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ ჰქონდა. ამავე ინტერვიუში ყიფიანმა უკრაინაზე ირაკლი კობახიძის განცხადებებიც გააკრიტიკა და თქვა, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე უფრო თავშეკავებული უნდა იყოს.
ამავე თემაზე: