დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის მამა ითხოვს, რომ საქმის გამოძიება სამხარეო პოლიციამ შეწყვიტოს და ის უფრო კომპეტენტურ უწყებას გადაეცეს. ამ თემაზე კომენტარი მან მას შემდეგ გააკეთა, რაც ადვოკატთან, მიხეილ რამიშვილთან ერთად ქვემო ქართლის პოლიციაში იმყოფებოდნენ.
ჯუმბერ ბაჩალიაშვილი აცხადებს, რომ აქციის მოწყობის გამო მას სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილე, ლადო ბაჭუაშვილი აშანტაჟებდა.
ოჯახის წევრების თქმით, ეს მოხდა სამშაბათს, 22 ივლისს, აქციის დასრულების შემდეგ დაუკავშირდნენ შსს-დან, თავი საქმის გამომძიებლად წარუდგინეს და უთხრეს: "რა დროს აქციებია, როცა შენი შვილი შარშია". ასევე ისინი მოუწოდებდნენ, რომ აქციები შეეწყვიტათ და სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვას ჰპირდებოდნენ.
მოადგილე, ლადო ბაჭულაშვილი, მეორე დღეს ვრეკავ, მეუბნება ახლა ვმუშაობ ზუსტად მაგაზეო, მე ვუთხარი, რა იქნა კომპიუტერი, ცოტა ხანში გადავურეკო. იძახა, ძალიან დიდი პრობლემის წინაშე იმყოფება შენი გოგოო და გათიშა ტელეფონი. სანამ მე ცოცხალი ვარ, ფეხზე დავდივარ, მაჩალიკაშვილს ხო ხედავთ არა, ცოცხალი თავით მე არ გავრჩერდები, - თქვა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს ან სხვა კომპეტენტურ ორგანოს უნდა გადაეცეს, რომელთა მაღალჩინოსნებსაც მსგავსი დამოკიდებულება არ ექნებათ. უწყებაში ლადო ბაჭუაშვილთან დაკავშირებით კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.
თამარ ბაჩალიაშვილი კი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
ცნობისთვის, 25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად სცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.