შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მიესალმება ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.
ბაიდენის თქმით, გადაწყვეტილება მკაფიო სიგნალს აგზავნის:
"მან აშკარად ჩაიდინა ომის დანაშაულები", - უთხრა ბაიდენმა ჟურნალისტებს.
მანამდე, 18 თებერვალს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად დაადგინა, რომ რუსეთმა უკრაინის ომში კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა.
შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 17 მარტს პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. პუტინს ბრალად ედება 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაცია.
მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს და გაცემულ ორდერს გმობს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ თქვა, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემულ დაკავების ორდერს რუსეთისთვის სამართლებრივი მნიშვნელობა არ აქვს.
როგორ წესი, ICC-ის არ აქვს უფლება ბრალდებული ქვეყნის მთავრობასთან თანამშრომლობის გარეშე დააკავოს. რუსეთი ICC-ის წევრი ქვეყანა არაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს რუსეთში უფლებამოსილება არ აქვს.
თუმცა ეს გადაწყვეტილება, პუტინზე ზეგავლენას სხვა კუთხით მოახდენს. რუსეთის პრეზიდენტს აღარ ექნება საერთაშორისო მოგზაურობის შესაძლებლობა. მისი დაპატიმრება შესაძლებელი იქნება თუ ის ჩავა სასამართლოს წევრ 123 ქვეყნიდან რომელიმეში.