
უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
"მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებზე მტრის თავდასხმის შედეგად 32 ადამიანი დაშავდა, მათგან 27 კლინიკაშია გადაყვანილი, მათ შორის 3 ბავშვია, 5 ადამიანს დახმარება ადგილზე გაუწიეს. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა", - ნათქვამია უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
უკრაინის პროკურატურის ცნობით, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს სულ მცირე 6 რაკეტა ესროლეს.
მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიახაილო პოდოლიაკი:
"ზაპოროჟიე დღეს. მიზანმიმართული დარტყმა საცხოვრებელ კორპუსზე, რომ მოეკლათ მშვიდობიანი მოსახლეობა. არანაირი "სამხედრო" ახლოს არ ყოფილა. კიდევ ერთხელ ცხადია: "რუსული სამყარო" მოსაკლავად მოვიდა - ძალიან თავხედური გზით", - დაწერა პოდოლიაკმა ტელეგრამზე.
ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.