
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერ დეპუტატს, ტარიელ ნაკაიძეს "მძიმე რეპუტაციის" დეპუტატი უწოდა, თუმცა რის საფუძველზე გააკეთა ეს განცხადება, არ განუმარტავს.
"როდესაც ტარიელ ნაკაიძე, მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი სხვა კოლეგებს უწოდებს მოღალატეს, მის მიმართ რომ ვერ ექნებათ ხავერდოვანი დამოკიდებულება, ეს გასაგებია. დეპუტატს ვერავინ ვერსად ვერ გადასვამს, თუ უნდა ტარიელ ნაკაიძეს გადაჯდეს და დადგეს კუთხეში, ეს არის მისი გადაწყვეტილება. მას ეკუთვნის პარლამენტის სხდომათა დარბაზში კუთხეში დგომა თუ აქვს ელემენტარული სინდისი...",- თქვა კობახიძემ.
კითხვაზე რატომ აქვს ტარიელ ნაკაიძეს მძიმე რეპუტაცია კობახიძე პასუხობს: "დეტალებში არ შევალ...არ მინდა და არ განვმარტავ".
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 22 მარტს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ნაკაიძე "ხალხის ძალის" დეპუტატებს სუბარსა და სხვებს ესაუბრებოდა, რა დროსაც დაპირისპირება მოხდა. "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად გასულმა "ხალხის ძალის" დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ოპოზიციონერ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა. ვიქტორ ჯაფარიძის გარდა, ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მგალობლიშვილმაც ესროლა.
უმრავლესობაში თქვეს, რომ მომხდარ დაპირისპირებას წინ "უმძიმესი შეურაცხყოფა" უძღოდა, ვინაიდან ნაკაიძემ ჯაფარიძეს მოღალატე უწოდა. ვინც მოღალატეს დამიძახებს, ყველა საკადრის პასუხს მიიღებს - ასე "განმარტა" ვიქტორ ჯაფარიძემ ნაკაიძისთვის მიკროფონის ჩარტყმა.
პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე განმარტება გააკეთა თავად ნაკაიძემ და თქვა, რომ დაპირისპირებამდე "ხალხის ძალის" დეპუტატმა სოზარ სუბარმა მას აგენტი უწოდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვისი.