
ოპოზიციონერი დეპუტატი, ტარიელ ნაკაიძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს იმის შესახებ, რომ ნაკაიძეს "მძიმე რეპუტაცია" აქვს. ნაკაიძე წერს, რომ გაფარჩაკებული პარტიის ლიდერს ჰგონია, მუსლიმების და უმცირესობების დაცვა მძიმე რეპუტაციაა.
"ქართველი ხალხის მიერ თავად კუთხეში მიყენებული და გაფარჩაკებული პარტიის ლიდერს ჰგონია, რომ მუსლიმების და სხვა უმცირესობების დაცვა მძიმე რეპუტაციაა. მძიმე რეპუტაციის რა გითხრათ, მაგრამ მოღალატეებისთვის მძიმედ ასატანი რეპუტაცია ნამდვილად მაქვს", - წერს ტარიელ ნაკაიძე.
კობახიძეს ჟურნალისტებმა სთხოვეს განემარტა რას გულისხმობდა, როცა ტარილე ნაკაიძის მძიმე რეპუტაციაზე საუბრობდა, რაზეც მან უპასუხა - "არ მინდა და არ განვმარტავ".
ცნობისთვის, გუშინ, 22 მარტს "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად გასულმა "ხალხის ძალის" დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ოპოზიციონერ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა. ვიქტორ ჯაფარიძის გარდა, ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მგალობლიშვილმაც ესროლა.
უმრავლესობაში თქვეს, რომ მომხდარ დაპირისპირებას წინ "უმძიმესი შეურაცხყოფა" უძღოდა, ვინაიდან ნაკაიძემ ჯაფარიძეს მოღალატე უწოდა.