"გირჩი მეტი თავისუფლება" თათია სამხარაძეს სოლიდარობას უცხადებს. პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს ხელისუფლება და მისი პროპაგანდისტები სამხარაძეს არამხოლოდ აშავებენ, არამედ კანონის უსამართლო გამოყენებით ძალადობენ მასზე.
"სრული მხარდაჭერა, სოლიდარობა და გვერდში დგომა თათია სამხარაძეს.
ივანიშვილის რუსული მთავრობა ყველას მიადგება. არამარტო მათ, ვისგანაც საფრთხეს გრძნობს, არამედ მათაც, ვისი გაშავებითაც თავის მცირე რაოდენობის იდიოტ და მოძალადე მხარდამჭერებს გამოკვებავს.
დღეს, მთელი ხელისუფლება და მისი პროპაგანდისტები, თათია სამხარაძეს არამხოლოდ აშავებენ, არამედ ფიზიკურად და კანონის უსამართლო გამოყენებით, მასზე ძალადობენ იმისათვის, რომ გადაფარონ გარყვნილი პროპაგანდონის უღირსი საქციელი", - წერია პარტიის განცხადებაში.
ცნობისთვის, 26 მარტს თათია სამხარაძემ Facebook-ზე გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ "პოსტივი" იტყუება, თითოს ის ენმ-ის წევრის, დიმა ჩიქოვანის ბინიდან ვერ გამოდის, აქვს ჩალურჯებები. სამხარაძე ვიდეოს სახლიდან წერს, სადაც მამამისთან ერთადაა და ამბობს, რომ არანაირი დაზიანებები მას არ აქვს.
24 მარტს, გვიან ღამით, ენმ-ის წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის სახლში, წერეთლის გამზირზე, მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. მასთან პოლიცია POS TV-ის მიერ, 112-ში განხორციელებულო ზარის შემდეგ მივიდა. უწყებაში "ჟურნალისტმა" ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმამ, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა.
შსს-მ გამოძიება ძალადობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით დაიწყო, თუმცა სამართალდამცველებმა დანაშაულის ნიშნები ვერ ნახეს და შესაბამისად დაკავებულიც არავინაა.
სამხარაძის თქმით, იმის მაგივრად რომ საგამოძიებო უწყებები სერიოზულად ინტერესდებოდნენ იმ დანაშაულებით, რომლებსაც შალვა რამიშვილი ჩადის, "პოსტივისთან" ერთად ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს დგამენ და ცრუ დასმენით, სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს. ის ამბობს, რომ მისი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველი აქტივისტის, საქართველოში საფრთხეშია.
თათია სამხარაძემ POSTV-ის ხელმძღვანელ, შალვა რამიშვილს ტელეკომპანია "იმედში" ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა სექსუალური შევიწროების გამო და დავა მოიგო. რამიშვილმა გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ საქალაქოს გადაწყვეტილება დატოვა ძალაში. რამიშვილს აღნიშნული უზენაესში აღარ გაუსაჩივრებია.
ბოლო დღეების განმავლობაში შალვა რამიშვილის სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა.