
მარიუპოლში რუსი ოკუპანტების მიერ დანიშნული პოლიციის ე.წ უფროსის, მიხაილ მოსკვინის მანქანა ააფეთქეს. ამის შესახებ განცხადება უკრაინის ოფიციალურმა პირებმა გააკეთეს.
მარიუპოლის საკრებულოს მიერ Telegram-ზე გავრცელებული განცხადების თანახმად, აფეთქება ადგილობრივი დროით დილის 8:07 საათზე, ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით, ბაზართან ახლოს მოხდა.
მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს თქმით, მანქანა მარიუპოლის "წინააღმდეგობამ" ააფეთქა.
"მარიუპოლის წინააღმდეგობამ ოკუპირებულ მარიუპოლში ააფეთქა მანქანა, რომელიც ერთ-ერთ უმაღლეს სამხედრო ოფიცერს ეკუთვნოდა, დეტალები მოგვიანებით", - ამბობს მარიუპოლის მერი
მოგვიანებით, რუსულმა სამთავრობო მედიამ, TASS-მა დაადასტურა, რომ აფეთქებული მანქანა ნამდვილად მიხაილ მოსკვინს ეკუთვნოდა. მათივე ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ დანიშნული ე.წ მაღალჩინოსანი აფეთქებას გადაურჩა და მან მხოლოდ მცირე დაზიანებები მიიღო. აფეთქების დროს, იგი მანქანიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით იდგა.