ისრაელის პრემიერმინისტრმა სასამართლო რეფორმის განხილვა გადადო

გამოქვეყნდა:

ისრაელის პრემიერმინისტრმა სასამართლო რეფორმის განხილვა მომდევნო საპარლამენტო სესიისთვის გადადო. განცხადება ამის შესახებ ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოსახლეობისადმი მიმართვისას გააკეთა და აღნიშნა, რომ  რეფორმის მეორე და მესამე მოსმენა მომდევნო საპარლამენტო სესიაზე გაიმართება. სესია კი მაისშია დაგეგმილი. 

ნეთანიაჰუ  ამბობს, რომ  გადაწყვეტილება უფრო ფართო კონსენსუსის მიღწევის სურვილის გამო მიიღო.

შეგახსენებთ, მთავრობის მიერ ინიცირებულ სასამართლო რეფორმას ისრაელში რამდენიმე კვირის განმავლობაში ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

გუშინ, რეფორმის საწინააღმდეგო განცხადების შემდეგ, პრემიერმა ქვეყნის თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა, რასაც საპროტესტო ტალღის კიდევ უფრო გამწვავება მოჰყვა. გარდა ამისა, შიმშილობა დააანონსეს 27 ქალაქის მერებმა, ხოლო  ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა პრემიერ ნეთანიაჰუს პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდა.

ისრაელის მთავრობა რეფორმით უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვას გეგმავს. ცვლილების შედეგად, სასამართლოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებზე ნაკლები ბერკეტი ექნება. ცვლილებების კანონად ქცევის შემთხვევაში, მთავრობას საშუალება მიეცემა სასამართლოს გადაწყვეტილებები მინიმალური უმრავლესობით დაძლიონ და მოსამართლეები დანიშნონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი