ზაზა ბირიაშვილს, რომელმაც მარტის აქციაზე თვალში მხედველობა დაკარგა, დაზარალებულის სტატუსი ისევ არ აქვს

გამოქვეყნდა:

მარტის აქციების დროს დაშავებულ ზაზა ბირიაშვილს დაზარალებულის სტატუსი სახელმწიფოს მხრიდან ამ დრომდე არ მიუღია. ოჯახის წევრებისა და ადვოკატის განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ საყურადღებოა და ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა სჭირდება.

მეუღლე ყვება, რომ სახელმწიფო მათ საერთოდ არ დახმარებია, არადა არსებობს საშიშროება, რომ კაცს მხედველობის პრობლემა მეორე თვალზეც შეექმნას. სამხარაულის ექსპერტიზამ დასკვნის მოსამზადებლად მაქსიმალური დრო აიღო და თქვა, რომ ექსპერტიზისთვის ერთი წელი სჭირდებათ. ამის გამო ოჯახმა ალტერნატიული მოკვლევა ჩაატარა და პასუხები ამ კვირაში გასაჯაროვდება.

"ჯერჯერობით არაფერი სტატუსი არ აქვს, მდგომარეობა იგივეა, ცალი თვალიდან დაკარგა მთლიანად მხედველობა. ზოგადი მდგომარეობაც არადამაკმაყოფილებელია ჯერჯერობით. შეიძლება მეორე თვალზეც გადავიდეს, გვეუბნება ექიმი, რომ დროთა განმავლობაში დაიწმინდება და მეორე თვალშიც ვაწვეთებთ წამლებს, დანიშნული აქვს მკურნალობა. არავინ არ შეგვხმიანებია მისი სამსახურის გარდა. ამ კვირაში გვექნება ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა", - ამბობს ზაზა ბირიაშვილის მეუღლე, მაია გოგრგოშვილი.

ადვოკატი, ლელა ხათრიძე ამბობს, რომ სახელმწიფო დღემდე არ დაინტერესებულა დაშავებულის სოციალური მდგომარეობით და მისი ყოველდღიური საჭიროებებით. მისი თქმით, საქმეში სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული დარღვევები იკვეთება, რასაც რეაგირება უნდა მოჰყვეს.

ზაზა ბირიაშვილმა პროტესტის დაშლის დროს ერთ თვალში მხედველობა დაკარგა. მას 7 მარტს აქციაზე სავარაუდოდ, მხუთავი აირის ბალონი მოხვდა თვალში. გუშინ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დაშლისას არავინ დაშავებულა და რომ პოლიციამ ღონისძიება სუფთად ჩაატარა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი