
ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) ადასტურებს გავრცელებულ ცნობებს, რომ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მებრძოლებმა წინ წაიწიეს ბახმუტის ცენტრში და 2 აპრილის ღამეს აიღეს ქალაქის ადმინისტრაციის შენობა. ინსტიტუტმა რამდენიმე წყაროთი გავრცელებული ფოტო-ვიდეო მასალა შეისწავლა.
განახლებაში ნათქვამია, რომ "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა 2 აპრილის ღამეს ადმინისტრაციის შენობის წინ ასწია რუსული დროშა და მოკლულ სამხედრო ბლოგერს პატივი მიაგო, მაგრამ უკრაინული ჯარები რჩებიან ქალაქის დასავლეთ ნაწილში.
ექსპერტები წერენ, რომ 3 აპრილს, რუსულმა ძალებმა ბახმუტის ცენტრში წინ წაიწიეს.
"ვაგნერის ჯგუფი ალბათ გააგრძელებს ბახმუტის ცენტრალურ ნაწილზე კონტროლის კონსოლიდაციის მცდელობას და შეეცდება გადაადგილდეს დასავლეთით ქალაქის მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიების გავლით ხრომოვოეს მიმართულებით", - აღნიშნავს ინსტიტუტი.
პრიგოჟინის განცხადება, რომ იურიდიულად მათ ბახმუტი აიღეს უარყო უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის წარმომადგენელმა სერგეი ჩერევატიმ. მან განაცხადა, რომ რუსები შორს არიან ქალაქ ბახმუტის აღებისგან და საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის ირგვლივ ბრძოლები მიმდინარეობს.