"თავისუფლება ლაზარეს!" - დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში 1-ელ მაისს ჩანიშნული სხდომის პარალელურად, საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და აქტივისტები, მოძრაობა "სირცხვილია", "მტკვარზე" და "ტალღა" არიან.
21 წლის ლაზარე გრიგორიადისი რუსულ კანონთან ბრძოლისა და პროტესტის სიმბოლოდ იქცა. ლაზარე სამშობლოს სიყვარულისთვის დღეს ციხეში ზის და 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მისი შემდგომი სასამართლო პროცესი 1-ელ მაისს, 17:00 საათზე გაიმართება. ლაზარეს საქმის განხილვის პარალელურად, ჩაინიშნა თორნიკე აკოფაშვილის პროცესი. ხელისუფლება მასაც სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება.
7-9 მარტის სამართლიანმა, ძლიერმა და ახალგაზრულმა პროტესტმა საქართველოს ისტორია საბედისწერო შეცდომისგან იხსნა, თუმცა ხელისუფლებამ ამ პროტესტის მონაწილეთა დემონიზებისა და სამაგალითო დასჯის გზა აირჩია.
ადამიანები, რომლებმაც ჩვენს ქვეყანას დემოკრატიული განვითარების შანსი შეუნარუჩუნეს, დღეს პოლიტიკური დევნის სამიზნე გახდნენ.
ამიტომ დღეს ჩვენ, ის ადამიანები, რომლებიც ვაცნობიერებდით ხელისუფლების ანტიკონსტიტუციურ ნაბიჯს და წინააღმდეგობას ვუწევდით მას, ვალდებულად ვთვლით თავს ბოლომდე ვიბრძოლოთ თავისუფლების მოყვარე ლაზარეს სისტემისგან გამოსახსნელად.
7-9 მარტის პროტესტს არ ჰყოლია დამნაშავე ხელისუფლების გარდა!" - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შსს-ს მტკიცებით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.