საუბარია იმაზე, უკავშირდება თუ არა ჯანმრთელობის დაზიანება სხვა პირის მოქმედებას - მდინარაძე ბირიაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, მამუკა მდინარაძის თქმით, ზაზა ბირიაშვილთან დაკავშირებით საუბარია იმაზე, უკავშირდება თუ არა დაზიანება სხვა პირის ქმედებას. ბირიაშვილმა მარტის აქციების დროს ერთ თვალში მხედველობა დაკარგა. 

მდინარაძე ამბობს, რომ გამოძიება დაადგენს უკავშირდება თუ არა მომხდარი სხვა პირის ქმედებას. მანამდე დეპუტატმა გია ვოლსკიმ თქვა, რომ გარკვეული შეკითხვები არსებობს მხედველობის დაკარგვაზე.

"აქ საუბარია იმაზე, უკავშირდება თუ არა ჯანმრთელობის დაზიანება სხვა პირის მოქმედებას, მიზეზ-შედეგობრიობაზეა საუბარი, თუ ეს დადასტურდება, ამას გამოძიება მიხედავს აუცილებლად. თუ ადამიანის რაღაც ჯანმრთელობის ფუნქციის მოშლა შეიძლება უკავშირდებოდეს სხვა პირის მოქმედებას, ამ მიზეზ-შედეგობრიობაზე თუ გავა გამოძიება და აუცილებლად უნდა გავიდეს, ამ ადამიანთან დაკავშირებით იქნება კითხვის ნიშნები გამოძიების მხრიდან, ამას ვგულისხმობ", - თქვა მდინარაძემ. 

მისივე თქმით, გამოძიება თავის ვადაში და დროში მიმდინარეობს და თუ დადგინდა, რომ მან დაზიანება სავარაუდო დანაშაულის შედეგად მიიღო, ამ შემოხვევაში  მიენიჭება დაზარალებულის სტატუსი. 

"მე მგონია თქვენ სპეკულირებთ, სპეციალურად, ტენდენციურად. სტატუსი მიენიჭება ადამიანს, თუ დადგინდება, გამოძიების მიერ, რომ მას სავარაუდო დანაშაულის შედეგად შესაძლოა ეს დაზიანება მიეღო, თუ ეს ვერ დადგინდება, სტატუსი ვერ ექნება. გამოძიება მიდის", - თქვა მდინარაძემ. 

ზაზა ბირიაშვილს, რომელმაც მარტის აქციაზე თვალში მხედველობა დაკარგა, დაზარალებულის სტატუსი ისევ არ აქვს. ოჯახის წევრებისა და ადვოკატის განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ საყურადღებოა და ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა სჭირდება. ბირიაშვილს 7 მარტს აქციაზე სავარაუდოდ, მხუთავი აირის ბალონი მოხვდა თვალში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი