უკრაინის ელჩთან ერთად უნდა გადაწყდეს - "ოცნება" სკვერისთვის ან ქუჩისთვის უკრაინაში დაღუპული ქართველების სახელის მინიჭებაზე

გამოქვეყნდა:

თბილისის საკრებულოში ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნის პატივსაცემად რომელიმე ქუჩისთვის ან სკვერისთვის მათი სახელის მინიჭებას ითხოვენ.

დღევანდელ ბრიფინგზე მათ საკრებულოში უმრავლესობისგან და თბილისის მერიისგან მოითხოვეს პასუხი, თუ რატომ არ ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება. 

მათივე განცხადებით, "ქართული ოცნება" მოთხოვნის არ შესრულების მიზეზად პროცედურულ პრობლემებს ასახელებს, რაც არადამაჯერებელია.

ბრიფინგს რამდენიმე წუთში თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ოთარ გრიგოლია, გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ "ქართული ოცნება" ელოდება საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნას და ამის შემდეგ დაიწყება ამ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციები. 

"თბილისში აუცილებლად იქნება ქართველი და უკრაინელი გმირების მემორიალი და სკვერი იქნება თუ ქუჩა იქნება. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გვგონია ეს საკითხი და მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი გადაწყდეს უკრაინის ელჩთან ერთად. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და ზოგადად უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში საქართველოში უკრაინის ელჩი დაინიშნება და ჩვენ მიგვაჩნია, რომ მასთან ერთად უნდა შეხდეს შეჯერება კონკრეტული ადგილების და სკვერი იქნება ამ შემთხვევაში თუ მემორიალი, ამაზე შეჯერება", - თქვა ოთარ გრიგოლიამ. 

ამავე თხოვნით საკრებულოს უმრავლესობას რამდენჯერმე მიმართა უკრაინის საელჩომაც, თუმცა პასუხი არც მათ ამ დრომდე არ მიუღიათ.

ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი