უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. არსენ ქეცბაია ბახმუტის მიწაზე დაეცა, ის ერთ-ერთ უკრაინულ დანაყოფში ირიცხებოდა. უკრაინაში მყოფი სხვა სამხედროები ყვებიან რომ ქეცბაია საარტილერიო დაბომბვას ემსხვერპლა. ბახმუტის დაცვას მხოლოდ ამ კვირის განმავლობაში სამი ქართველი მებრძოლი შეეწირა. ბახმუტი ამ დრომდე უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად რჩება, სადაც ქართველები ახლაც იბრძვიან.
როგორც უკრაინაში მებრძოლი ქართველები ყვებიან, არსენ ქეცბაია გუშინ, დღის მეორე ნახევარში, საარტილერიო დაბომბვას ემსხვერპლა. ის აფხაზეთიდან დევნილი იყო, გარკვეული პერიოდით ზუგდიდში ცხოვრობდა.
უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ზაალ ლატარია ამბობს, რომ ქეცბაია უკრაინაში გაიზარდა და იქაური მოქალაქეობაც ჰქონდა.
ჯერჯერობით უკრაინაში მებრძოლ ქართველებს არ აქვთ ინფორმაცია, მოხერხდა თუ არა ქეცბაიას ცხედრის ფრონტის წინა ხაზიდან გადმოსვენება. რუსეთის ომს უკრაინაში უკვე 42 ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი.