
რუსეთში, ეკატერინბურგის ცენტრალურმა რაიონულმა სამხედრო სასამართლომ პოლიციის სერჟანტს რომან ნასრიევს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყოფილ თანამშრომელს ალექსეი ნურიევს 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათ ბრალად ედებათ ჩელიაბინსკის ოლქის ქალაქ ბაკალის ადმინისტრაციული შენობისთვის ცეცხლის წაკიდება, რომელშიც განთავსებული იყო სამხედრო კომისარიატი.
მსჯავრდებულებს ციხეში ოთხი წლის გატარება მოუწევთ, კიდევ 15 წელს კი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდიან.
გამომძიებლების თქმით, გასული წლის 11 ოქტომბრის ღამეს, ნასრიევმა და ნურეევმა, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ რუსეთის შეჭრას უკრაინაში, გატეხეს ფანჯარა ბაკალის ადმინისტრაციის შენობის პირველ სართულზე, სადაც სამხედრო აღრიცხვის მაგიდა იყო განთავსებული და რამდენიმე ბოთლი "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლეს შენობას.
ბრალდებულები არ უარყოფდნენ ცეცხლის წაკიდების ფაქტს, მაგრამ არ ეთანხმებოდნენ ტერორისტული მუხლით წაყენებული ბრალდების კვალიფიკაციას.
რომან ნასრიევმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ მან გადაწყვიტა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისი დაეწვა, რადგან „არ ეთანხმებოდა მობილიზაციას, „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ და მთლიანად ომს.