
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებაში ყურადღება გამახვილებულია რუსული მედიის ცნობებზე, რომლის მიხედვითაც, რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარებს თერმობარული მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები TOS-1A გადაეცათ.
უწყების ცნობით, უაღრესად დესტრუქციული TOS-1A ჩვეულებრივ გამოიყენება რუსეთის სპეციალიზებული ქიმიური, ბიოლოგიური და რადიოლოგიური თავდაცვის ძალების მიერ უკრაინაში და მანამდე ოფიციალურად ის არ იყო დაკავშირებული მედესანტეებთან.
"ეს ტრანსფერი სავარაუდოდ მიუთითებს საჰაერო-სადესანტო ჯარების მომავალ როლზე უკრაინაში შეტევითი ოპერაციების დროს. ეს, სავარაუდოდ, მედესანტეების შესაძლებლობების აღდგენის მცდელობის ნაწილია მას შემდეგ, რაც მათ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს ომის პირველ ცხრა თვეში", - ამბობს დაზვერვა.