
სოციალურ ქსელში გავრცელდა ორი ვიდეო, სადაც ნაჩვენებია რუსების მიერ უკრაინელი სამხედროების მკვლელობა. სავარაუდოდ, ვიდეოები სხვადასხვა მოვლენებს ეხება, ერთი მათგანი შესაძლოა ახალხან გადაიღეს, მეორე კი როგორც ჩანს, ზაფხულში.
უკრაინული მედია წერს, რომ ერთ-ერთი ვიდეო ომის მომხრე რუსული საინფორმაციო არხების საშუალებით გავრცელდა 11 აპრილს საღამოს. კადრებში ჩანს, როგორ მოკვეთა თავი რუსმა სამხედრომ უკრაინელ სამხედროს დანით. ვიდეოს დასაწყისში ისმის ხმა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მსხვერპლი შესაძლოა ჯერ კიდევ ცოცხალი ყოფილიყო, როდესაც სასტიკი თავდასხმა დაიწყო. ოკუპანტები ამბობენ "ჩვენ ვმუშაობთ, ძმებო", მათივე თქმით, მოკლული ჯარისკაცის თავი უკრაინელ მეთაურს უნდა გაუგზავნონ.
ოკუპანტის სახე ნიღბითაა დაფარული. სტატიაში აღნიშნულია, რომ ვიდეოში მიწაზე მწვანე ფოთლები ჩანს, რაც სავარაუდოდ, იმაზე მიუთითებს, რომ ჩანაწერი გასულ წელსაა გადაღებული.
ვიდეოების გავრცელებიდან მალევე, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მთავარმა მრჩეველმა ანდრეი ერმაკმა Twitter-ზე დაწერა: "ყველაფერზე იქნება პასუხი და პასუხისმგებლობა".
CNN- ის თანახმად, პირველი ვიდეო გამოქვეყნდა პრორუსულ სოციალურ მედიის არხზე 8 აპრილს. ის, სავარაუდოდ, "ვაგნერის ჯგუფის" რუსმა დაქირავებულებმა გადაიღეს. კადრებში ნაჩვენებია ორი უკრაინელი ჯარისკაცის თავმოჭრილი ცხედარი, განადგურებული სამხედრო მანქანის გვერდით.
ვიდეოში, კამერის მიღმა ისმის ხმა, რომელიც თითქოს დამახინჯებულია რათა სპიკერის იდენტიფიცირება თავიდან აიცილოს. მოლაპარაკე პირი იცინის და ამბობს - "მოკლეს ისინი. ვიღაც მათთან მივიდა. მივიდნენ მათთან და თავი მოაჭრეს".
დაღუპულ ჯარისკაცებს, ასევე, როგორც ჩანს მოკვეთილი აქვთ ხელები. რუსული სოციალური მედიის ანგარიშებზე ნათქვამია, რომ ვიდეო გადაღებულია ბახმუტთან ახლოს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ "იპოვიან რუს არაადამიანებს", რომლებმაც აწამეს უკრაინელი ჯარისკაცები. უწყებამ სამხედრო დანაშაულის ბრალდებით, მათ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.