ქოლ-ცენტრების სკანდალი და BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება. მსოფლიო მედიაგიგანტის ყურადღების ცენტრში საქართველო და აქ მოქმედი ორგანიზაციები არიან, თაღლითური სქემის სათავეში კი ბრიტანული გამოცემა თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს ასახელებს. გამომძიებელი ჟურნალისტები არ მალავენ, რომ პირდაპირი სამხილები დევნილი ბიზნესმენის წინააღმდეგ არ არსებობს, თუმცა მძიმე ბრალდებას კონკრეტული არგუმენტებით ამყარებენ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი სტატიაში ქსელის ორგანიზებასთან არის დაკავშირებული. გამომძიებელი ჟურნალისტები წერენ, რომ კეზერაშვილის წინააღმდეგ პირდაპირი სამხილები არ აქვთ, მაგრამ მათი შეფასებით ყველა ფაქტს სწორედ დევნილ ბიზნესმენამდე მივყავართ. ჟურნალისტები ასეთ ფაქტებად სოციალურ ქსელებში თავდაცვის ყოფილი მინისტრის აქტივობას ასახელებენ, ასევე საუბრობენ გლობალური ქსელის რამდენიმე თანამშრომლის მონათხრობზე და კეზერაშვილის ახლობლობაზე სქემაში ჩართული კომპანიების წარმომადგენლებთან.