უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს. დავით ქუჩუკიანი უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის დაწყებიდან იბრძოდა და 4 აპრილს ბახმუტთან შეტაკებას ემსხვერპლა.

ქუჩუკიანი  პროფესიონალი სამხედრო იყო, ირიცხებოდა თავდაცვის ძალებში და არაერთ სამშვიდობო მისიაში აქვს მონაწილეობა მიღებული. თბილისის აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამებრძოლები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ.

"ომის დაწყებიდან მალევე წავიდა, ბოლო წამამდე იბრძოდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა, მანამდე მძიმედ დაიჭრა, შემდეგ ჰქონდა კანტუზია, თუმცა ბოლო წამამდე არ დაუტოვებია იქაურობა და არც უფიქრია, რომ დაეტოვებინა. მოხდა შეტაკება, რის შემდეგაც ვერ გადარჩა, იმიტომ, რომ იბრძოდა და არ დატოვა დაჭრილი თანამებრძოლები. დათო იყო სულით მებრძოლი, სულით სამხედრო, ეს იყო მისთვის ყველაფერი და ვფიქრობ სწორედ ისე დაამთავრა ცხოვრება, როგორც დათოს სურდა და შეეფერებოდა - გმირულად და ბრძოლის ველზე", - თქვა დაღუპული სამხედროს ახლობელმა, სალომე ჯინჭარაძემ.

დავით ქუჩუკიანის ცხედარი მშობლიურ სოფელში, ქარელის რეგიონში გადაასვენეს, მას სამხედრო პატივით დაკრძალავენ. შეგახსენებთ გასულ წელს უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის დაწყებიდან დღემდე ოკუპანტების იერიშებს 42 ქართველის სიცოცხლე შეეწირა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი