
მსოფლიო ბანკმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ 200 მილიონი დოლარის გრანტს გამოყოფს უკრაინას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად.
პროექტის დაფინანსებას უზრუნველყოფს უკრაინის დახმარების, აღდგენის, რეკონსტრუქციისა და რეფორმების სატრასტო ფონდი (URTF), რომელიც მსოფლიო ბანკმა შექმნა. მოსალოდნელია, რომ თანხა 300 მილიონ დოლარამდე გაიზრდება პარტნიორების შენატანებით.
უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის გეგმა მოიცავს კრიტიკული აღჭურვილობის შეძენას: სხვადასხვა ტიპის ტრანსფორმატორების, ელექტროენერგიის მიღებისა და განაწილების ელექტრო დანადგარებს, ამომრთველები და სარელეო დამცავი მოწყობილობები. თერმული ინფრასტრუქტურის გადაუდებელ მოწყობილობებს შორის არის მობილური გათბობის ქვაბები და უბნის გათბობის ქსელების შესაკეთებელი ნაწილები.
"გასული წლის განმავლობაში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას 11 მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა და გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო, სადაც უკრაინას სასწრაფო დახმარება სჭირდება", - თქვა ანა ბჟერდემ, მსოფლიო ბანკის ოპერაციების მმართველმა დირექტორმა.
მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ ქვეყნის ელექტროსადგურების უმეტესობა რემონტის შემდეგ კვლავ შეუერთდა ქსელს და ბოლო ერთი თვის განმავლობაში დიდ ქალაქებში ელექტროენერგიის დიდი გათიშვა არ მომხდარა. თუმცა, ქვესადგურების დაზიანების გამო უმეტეს რეგიონებში ელექტროენერგიის გათიშვა კვლავ ხდება.