
The Guardian წერს, რომ აშშ-ის კონგრესში ორპარტიული ჯგუფი ვიქტორ ორბანის მთავრობასთან დაკავშირებული უნგრეთის პოლიტიკური ფიგურების დასანქცირებაზე მუშაობს.
სანქციების კანონპროექტი ეხება ყოფილ თანამდებობის პირებს და მთავრობის მხარდამჭერებს, რომლებიც ძირითადად პრემიერ ვიქტორ ორბანის პარტიასთან არიან დაკავშირებულნი.
გამოცემა წერს, რომ კანონპროექტი მზადდება გასული წლიდან და მოსალოდნელია, რომ კონგრესს მომავალ თვეში წარედგინება. Guardian-თან ანონიმურობის დაცვით ოფიციალური პირები ამბობენ, რომ კანონპროექტი, სავარაუდოდ, ფართო მხარდაჭერას მოიპოვებს.
კანონპროექტზე პირველად ინფორმაცია "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიურომ გაავრცელა.
ამ კვირაში, პენტაგონის გაჟონილი საიდუმლო დოკუმენტების მიხედვით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრმა აღწერა აშშ, როგორც მისი პარტიის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე:
ხუთშაბათს, უნგრეთმა გამოაცხადა, რომ აპირებს დატოვოს რუსეთის მიერ კონტროლირებადი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი (IIB). ეს ხდება ერთი დღის შემდეგ, რაც აშშ-მა სანქციები დააწესა ბუდაპეშტში დაფუძნებულ ინსტიტუტზე, რომელსაც ფართოდ მოიხსენიებენ როგორც მოსკოვის "ტროას ცხენს" ევროპაში.
სახაზინო დეპარტამენტმა ასევე გამოაცხადა სადამსჯელო ზომები IIB-ის გამგეობის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკოლაი კოსოვისა და მენეჯმენტის ორი მაღალჩინოსნის, გეორგი პოტაპოვისა და იმრე ლასლოჩკის წინააღმდეგ.
ბანკიდან თავისი წარმომადგენლების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებისას უნგრეთმა იმედგაცრუება გამოხატა აშშ-ს ზეწოლის გამო.