პოლონეთი და უნგრეთი უკრაინიდან მარცვლეულისა და საკვების იმპორტს კრძალავენ

გამოქვეყნდა:

პოლონეთმა და უნგრეთმა გადაწყვიტეს, აკრძალონ მარცვლეულისა და სხვა საკვების იმპორტი მეზობელი უკრაინიდან - ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება პოლონეთისა და უნგრეთის მთავრობებმა ადგილობრივი აგრარული სექტორის დასაცავად მიიღეს, მას შემდეგ, რაც უკრაინიდან მიწოდების ინტენსივობამ შეამცირა ფასები მთელ რეგიონში.

"დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რეგულაციის შესახებ, რომელიც კრძალავს პოლონეთში მარცვლეულის შემოსვლას, იმპორტს, ასევე ათეულობით სხვა სახის საკვების (უკრაინიდან) შემოტანას“, - თქვა პოლონეთის მმართველი პარტიის „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ.

უკრაინამ სინანული გამოთქვა პოლონეთის გადაწყვეტილების გამო და განაცხადა, რომ „სხვადასხვა საკითხების ცალმხრივი მკვეთრი ქმედებებით გადაწყვეტა არ დააჩქარებს სიტუაციის პოზიტიურ მოგვარებას“.

უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტრომ განაცხადა, რომ პოლონეთის აკრძალვა ეწინააღმდეგება არსებულ ორმხრივ შეთანხმებებს ექსპორტზე და მოუწოდა მოლაპარაკებების დაწყებას საკითხის მოსაგვარებლად.

„ჩვენ გვესმის, რომ პოლონელი ფერმერები რთულ ვითარებაში არიან, მაგრამ ხაზს ვუსვამთ, რომ უკრაინელი ფერმერები ამჟამად ყველაზე რთულ მდგომარეობაში არიან“, - ნათქვამია მის განცხადებაში.

საპასუხოდ, პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ რჩებიან უკრაინის უცვლელ მეგობრებად და მოკავშირეებად, მხარს უჭერენ და მომავალშიც დაუჭერენ მას, მაგრამ "ყოველი სახელმწიფოს, ყველა ხელისუფლების, მოვალეობაა, ნებისმიერ შემთხვევაში, დაიცვას თავისი თანამოქალაქეების ინტერესები“.

იაროსლავ კაჩინსკის თქმითვე, პოლონეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებები დაიწყოს მარცვლეულის საკითხის მოსაგვარებლად.

რაც შეეხება უნგრეთს -  პრემიერ ორბანის მთავრობა იმედოვნებს, რომ ევროკავშირი ხელახლა განიხილავს უკრაინულ პროდუქტზე იმპორტის გადასახადების გაუქმების საკითხს. 

ვარშავამ და ბუდაპეშტმა განაცხადეს, რომ აკრძალვა ძალაში 30 ივნისამდე დარჩება.

პოლონეთისა და უნგრეთის გადაწყვეტილებას ევროკომისიამ მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ სავაჭრო პოლიტიკა ევროკავშირის ექსკლუზიური კომპეტენციაა და ცალმხრივი გადაწყვეტილებები მიუღებელია

„ასეთ რთულ დროს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა გადაწყვეტილების შეთანხმება მოხდეს ევროკავშირის ფარგლებში“, - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი