
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისთვის ხელის ჩამორთმევის გამო, ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის "ხელმძღვანელმა" ლეონიდ პასეჩნიკმა კარანტინში 1 კვირა გაატარა.
"რადიო თავისუფლების" პროექტის Donbass Realii-ს ჟურნალისტებმა მიიღეს პასეჩნიკის საუბრის აუდიოჩანაწერი უკრაინის ერთ-ერთი სპეცსამსახურის წყაროებიდან. როგორც მედია წერს, პასეჩნიკმა კარანტინის შესახებ თავის თანაშემწეს, ალექსანდრე სოროკას უთხრა, რომელიც რუსეთის გენშტაბის მთავარი დირექტორატის ყოფილი თანამშრომელია.
"შეხვედრა მაქვს 20-ში. გამოკეტილი ვარ ოროთახიან ლუქსში. არსად არ გიშვებენ, ვერსად წახვალ. საკვები ოთახში შემოაქვთ. 20-ში გაიმართება შეხვედრა და დაჯილდოების ცერემონია" - ამბობს გავრცელებულ აუდიოჩანაწერში პასეჩნიკი.
არსებული ინფორმაციით, საუბარი 2022 წლის დეკემბერში შედგა.
2022 წლის 20 დეკემბერს პუტინმა პასეჩნიკი სამშობლოსათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა და ასევე პირადად შეხვდა ლუგანსკის რეგიონის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.
გარდა ამისა, გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ასევე საუბარია ლუგანსკის ჯგუფში არსებულ კონფლიქტზე და იმაზე, რომ პასეჩნიკი არ აკონტროლებს ე.წ ლუგანსკის შსს-ს ხელმძღვანელს იგორ კორნეტს.