
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, სუდანში ევროკავშირის ელჩს რეზიდენციაში თავს დაესხნენ.
"რამდენიმე საათის წინ, ევროკავშირის ელჩს სუდანში საკუთარ რეზიდენციაში თავს დაესხნენ.
ეს არის ვენის კონვენციის უხეში დარღვევა. დიპლომატიური შენობებისა და პერსონალის უსაფრთხოება სუდანის ხელისუფლების უპირველესი პასუხისმგებლობა და საერთაშორისო სამართლის ვალდებულებაა", - დაწერა ბორელმა Twitter-ზე.
ევროკომისიის პრესსპიკერმა, ნაბილა მასრალიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სუდანში მყოფი ევროპელი მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იყოს. მისივე თქმით, ამჟამად სუდანში, სავარაუდოდ EU-ს რამდენიმე ასეული მოქალაქე რჩება.
ცნობისთვის, რამდენიმე დღეა ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" შორის შეტაკებები გრძელდება. შეტაკებების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ათასზე მეტი.
სუდანში ჩარჩენილები არიან საქართველოს მოქალაქეებიც, რომელთა ევაკუაციაც ჯერ ვერ ხერხდება.