
ევროკავშირი უკრაინის მოსაზღვრე ბლოკის წევრი ქვეყნების ფერმერებისთვის 100 მილიონი ევროს ღირებულების კომპენსაციას ამზადებს და გეგმავს, რომ უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე შეზღუდვები დააწესოს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ბრიუსელი ზეწოლის ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც ვარშავამ და ბუდაპეშტმა უკრაინული ხორბლის ზოგიერთი პროდუქტის იმპორტზე შეზღუდვები დააწესეს და ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ იმავეს განიხილავენ. ევროკავშირი იძულებული გახდა ბლოკში ამ საკითხის გადაჭრის გზა შეემუშავებინა.
აღნიშნულ ქვეყნებში უკრაინული ხორბლის ტრანზიტი მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის შეჭრის გამო პროდუქტების ზღვის საშუალებით მიწოდება შეიზღუდა. ადგილობრივი ფერმერების პროდუქტს უკრაინული იაფი და დიდი რაოდენობის ხორბლის სახით კონკურენტი გამოუჩნდა და საკუთარ პროდუქტზე ფასის დაწევა მოუწიათ.
ბულგარეთის, უნგრეთის, პოლონეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის ერთობლივი საჩივრის შემდეგ ევროკავშირმა განაცხადა, რომ მიიღებს გადაუდებელ "პრევენციულ ზომებს" ხორბლის, სიმინდის, მზესუმზირისა და რაფსის პროდუქტებზე.
Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ მარცვლეული ამ ხუთ ქვეყანაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა, თუ პროდუქტი ევროკავშირის სხვა ქვეყნებსა და დანარჩენ მსოფლიოში იმპორტისთვის იქნება განკუთვნილი. ეს შეზღუდვა ივნისის ბოლომდე იმოქმედებს.
ამას გარდა, მედია წერს, რომ ევროკომისია აპირებს შექმნას ჯგუფი, რომელიც გამოიძიებს საჭიროა თუ არა მსგავსი ზომების მიღება სხვა პროდუქტებისთვის.
გადაუდებელი ზომები შესაძლოა რამდენიმე დღეში ამოქმედდეს, თუმცა საგამოძიებო მუშაობას 6 თვე მაინც დასჭირდება.