"ჟურნალისტების შემდეგ თავდასხმები დაიწყო ადვოკატებზე" - პუტინის პატიმრების ადვოკატმა რუსეთი დატოვა

გამოქვეყნდა:

რუსმა ადვოკატმა ვადიმ პროხოროვმა, რომელიც სხვადასხვა დროს ოპოზიციონერების, ვლადიმირ კარა-მურზას, ილია იაშინისა და ბორის ნემცოვის ინტერესებს იცავდა, რუსეთი დატოვა. მას სისხლის სამართლის პასუხისგებით ემუქრებოდნენ. ამის შესახებ ადვოკატი "ამერიკის ხმასთან" საუბრობს და ყვება, რომ მას მუქარას აქტიურად უთვლიდნენ, ამ მიზეზით კი რუსეთის დატოვება კარა მურზას განაჩენის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე მოუწია.

"რუსეთი დავტოვე ვლადიმერ კარა-მურზას განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე დღით ადრე. პროკურორმაც და მოსამართლემაც სხვადასხვა მიზეზით განაცხადეს, რომ აუცილებელია ჩემი არა მხოლოდ ადვოკატთა პალატიდან გარიცხვა, არამედ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე ფიქრი. ერთ-ერთი პოლიტიკოსის მეშვეობით მივიღე გაფრთხილება შესაძლო ინტერესის თაობაზე გენპროკურორის ერთ-ერთი მოადგილის მხრიდან, რომელიც ამ საქმეს კურირებს. ასე რომ, რუსეთში ჟურნალისტების შემდეგ თავდასხმები დაიწყო ადვოკატებზეც. ჩემი რამდენიმე კოლეგა უკვე პატიმრობაშია", - ამბობს ვადიმ პროხოროვი.

შეგახსენებთ, პუტინის რეჟიმთან დაპირისპირებული პოლიტიკოსი ვლადიმერ კარა-მურზა 2022 წლის 11 აპრილს დაიჭირეს.  უკრაინაში ომის საწინააღმდეგო მოსაზრებების გამოთქმის შემდეგ ის „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადეს და  ბრალად დასდეს რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება. კარა-მურზა ბრიტანეთის და რუსეთის მოქალაქეა. ის იყო ოპოზიციის ლიდერ ბორის ნემცოვის უახლოესი თანაშემწე, რომელიც 2015 წელს, მოსკოვის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

17 აპრილს რუს ოპოზიციონერ აქტივისტ ვლადიმირ კარა-მურზას რუსეთში 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სახელმწიფოს ღალატისა და სხვა ბრალდებებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ომის კრიტიკას უკავშირდება. 

9 დეკემბერს მოსკოვის სასამართლომ ილია იაშინი დამნაშავედ ცნო რუსეთის შეარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციების გავრცელებაში და 8,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. იაშინმა ბოლო სიტყვაში თქვა, რომ ჯობია ათი წლით თავისუფლების აღკვეთა (ეს არის მაქსიმალური სასჯელი მისთვის წაყენებული მუხლით), ვიდრე "სირცხვილით ჩუმად დაიწვა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი