აშშ უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნებს "აბრამსის" ტანკების გამოყენებაზე უახლოეს კვირებში დაიწყებს

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატები უახლოეს კვირებში დაიწყებს უკრაინული ძალების წვრთნას, თუ როგორ გამოიყენონ და შეინახონ Abrams-ის ტანკები. 

როგორც Associated Press წერს, გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ევროპისა და მსოფლიო ლიდერები რამშტეინის საჰაერო ბაზაზე უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხებზე სამსჯელოდ შეიკრიბნენ.

ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, 31 ტანკი გერმანიაში საწვრთნელ ბაზაზე მაისის ბოლოს ჩავა. ჯარისკაცების წვრთნა კი დაახლოებით 10 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. სასწავლო ტანკები არ იქნება ის, რაც უკრაინას გადაეცემა რუსეთის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად.

მათ მაგივრად, ამერიკაში 31 M1A1-ის ტიპის ტანკების მოდიფიკაცია მიმდინარეობს, რომელიც მოდიფიკაციის შემდეგ ფრონტის ხაზზე გაიგზავნება. 

ამერიკული მხარე ამბობს, რომ მათი მიზანია, რომ ჯარისკაცების წვრთნა დამთავრდეს მაშინ, როცა ტანკები მზად იქნება ფრონტის ხაზზე გასაყვანად, რათა ისინი დაუყოვნებლივ ჩაერთონ ბრძოლაში. სავარჯიშო დროის განმავლობაში დაახლოებით 250 უკრაინელი ჯარისკაცი გადამზადდება, მათი ნაწილი ტანკის ოპერირებას ისწავლის, მეორე ნაწილი კი მის შეკეთებას და მოვლას.

Associated Press-ის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, ამერიკელებმა დაახლოებით 8,800 უკრაინელი ჯარისკაცი გადაამზადეს, რომლებიც უკვე დაუბრუნდნენ ფრონტის ხაზს. ამ დროისთვის კი დაახლოებით 2,500 ჯარისკაცი გადის წვრთნას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი