
"ძალიან არაშთამბეჭდავი და მოსაწყენი" - ასე აფასებენ "რადიო თავისუფლების" წყაროები ლუქსემბურგში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრას.
"იყო ცარიელი დაპირებები და არ გაეცა პასუხი საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებულ შეშფოთებებს", - უთხრეს გამოცემას წყაროებმა.
ლუქსემბურგში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოწვეული იყო საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომაზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა ილია დარჩიაშვილმაც. მისი თქმით, შეხვედრაზე მთავარი აქცენტი გაკეთდა ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე.
"აქცენტი გავაკეთეთ 12 რეკომენდაციაზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხია დღეს ჩვენი, ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. თითოეულ საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ჰქონდათ ინტერვენციები, მათ ჰქონდათ კითხვები, რომელზეც შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად ამომწურავად გაგვეცა პასუხი. ჩვენ მთავარი გზავნილი მივიღეთ პარტნიორებისგან, რომ თითქმის ყველა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ევროპულ მომავალს, ჩვენს საერთო თანაცხოვრებას ევროპულ ოჯახში და ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დავუახლოოთ ევროკავშირს", - თქვა დარჩიაშვილმა.
შეხვედრასთან დაკავშირებით ისაუბრა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმაც:
"გვქონდა ლანჩი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელზეც განვიხილეთ ამ ქვეყნის ისტორიული შესაძლებლობა მიაღწიოს მიზანს ევროინტეგრაციის მხრივ. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ საქართველოს უკვე დიდი პროგრესი აქვს, მაგრამ რეფორმები კიდევაა ჩასატარებელი. წლის ბოლოს განხილული იქნება საქართველოსთვის კანდიდატი სტატუსის მინიჭების საკითხი და ჩვენ მოვუწოდებთ მინისტრ დარჩიაშვილს, გაუგზავნოს პოზიტიური სიგნალები ბრიუსელსა და წევრ ქვეყნებს გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული პრიორიტეტების განხორციელებით" - თქვა ბორელმა.