
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან სატელეფონო საუბრის დეტალებზე წერს. ზელენსკის თქმით, საუბრისას განიხილეს უკრაინაში "მშვიდობის დამყარების მიზნით შესაძლო თანამშრომლობის გზები".
გავრცელებულ განცხადებაში ზელენსკი აღნიშნავს, რომ მშვიდობა უნდა იყოს სამართლიანი, მდგრადი და უნდა ეფუძნებოდა საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და გაეროს წესდების პატივისცემას.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციითვე, სი ძინპინს ასევე ესაუბრა უკრაინა-ჩინეთის პარტნიორობაზე.
"ერთსაათიანი საუბრისას ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები განვიხილეთ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების მიზნით შესაძლო თანამშრომლობის გზებს.
არავის უნდა მშვიდობა უკრაინელ ხალხზე მეტად. ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ და ვიბრძვით ჩვენი მომავლისთვის, ვიყენებთ ჩვენს განუყოფელ უფლებას - თავდაცვის უფლებას. მშვიდობა უნდა იყოს სამართლიანი და მდგრადი, საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და გაეროს წესდების პატივისცემაზე დაფუძნებული. ტერიტორიული კომპრომისების ხარჯზე მშვიდობა არ შეიძლება. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა 1991 წლის საზღვრებში უნდა აღდგეს.
ჩვენ ასევე განვიხილეთ გზები, რათა გავაძლიეროთ უკრაინა-ჩინეთის პარტნიორობა. რუსეთის სრულმასშტაბიან შემოჭრამდე ჩინეთი უკრაინის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი იყო. მე მჯერა, რომ ჩვენი დღევანდელი საუბარი ძლიერ ბიძგს მისცემს ყველა დონეზე ამ დინამიკის დაბრუნებას, შენარჩუნებასა და განვითარებას", - წერს ზელენსკი.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინისა და ჩინეთის პრეზიდენტებმა პირველად ისაუბრეს. ჩინეთი ომთან მიმართებაში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა და მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდებდა, თუმცა ამის პარალელურად, უარს ამბობდა რუსეთის აგრესიის დაგმობაზე ან საჯაროდ რუსეთისთვის ჯარების გაყვანის მოწოდებაზე. ჩინეთის ოფიციალური პირები არაერთხელ ამბობდნენ, რომ ყველა ქვეყნის "ლეგიტიმური" საზრუნავი უნდა იყოს გათვალისწინებული. გარდა ამისა, ჩინეთმა NATO და აშშ კონფლიქტის გაღვივებაში არაერთხელ დაადანაშაულა.
გასულ თვეს სი ძინპინი მოსკოვში იყო ჩასული, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.