
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციას გამოეხმაურა, რომლის სპიკერთა შორის საქართველოს პრემიერმინისტრიცაა.
კრამონმა ევროპარლამენტში "ოცნების" პარტნიორ ჯგუფს, ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსს (S&D) მიმართა.
"ნახეთ? თქვენი ქართული პარტნიორი პარტია აწარმოებს კამპანიას სტივ ბანონის ულტრამემარჯვენე ბანაკთან და სხვებთან ერთად უნგრეთში... დარწმუნებული ხართ, რომ ეს სწორი ალიანსია "პროგრესული" პარტიისთვის?", - წერს ვიოლა ფონ კრამონი.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციის სპიკერებს შორისაა. კონფერენცია ბუდაპეშტში 4-5 მაისს გაიმართება.
სპიკერების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, თუმცა უცნობია დაესწრება თუ არა საქართველოს პრემიერმინისტრი კონფერენციას.