
გასული დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერია მტრის 54 თავდასხმა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ბოლო განახლებაში ავრცელებს და წერს, რომ რუსებმა სამი მიმართულებით ათობით თავდასხმა განახორციელეს.
გენშტაბის ცნობით, რუსები ცდილობენ წინსვლას ბახმუტის, ავდიივკას და მარინკას მიმართულებით.
უწყების ინფორმაციით, ქალაქ ბახმუტის შიგნით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. მტერი წარუმატებლად ცდილობს წინსვლას ორიხოვე-ვასილივკასა და ივანივსკის დასახლებების მიმართულებით.
ამასთან განცხადების მიხედვით, ავდიივკას მიმართულებით, მტერი დაწინაურდა თავად ავდიივკას მიდამოებში, ასევე სოფლებში: სევერნე და პერვომაისკე.
მარინკას მიმართულებით რუსებმა შეუტიეს თავად მარინკას მიდამოებს. ხაზგასმულია, რომ აქაც საკმაოდ მაღალია ბრძოლის ინტენსივობა, როგორც ბახმუტში.
გენშტაბის ცნობით, ლიმანსკის და შახტარსკის მიმართულებით გუშინ შედარებით სიმშვიდე იყო, დღემ მტრის აქტიური შეტევითი მოქმედებების გარეშე ჩაიარა. ამასთან, გენშტაბის ცნობით, რუსები არ წყვეტენ ფრონტის მთელ ხაზზე დასახლებული პუნქტების დაბომბვას.