
ოფიციალური ანკარა უარყოფს, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გამოაქვეყნა.
"ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ მსგავს უსაფუძვლო პრეტენზიებს პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
პრეზიდენტი ხვალ ატომური ელექტროსადგურის გახსნას ვიდეოკონფერენციის საშუალებით დაესწრება.
ვერანაირი დეზინფორმაცია ვერ დააყენებს ეჭვის ქვეშ იმ ფაქტს, რომ თურქი ხალხი დგას თავის ლიდერთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და და მისი პარტია 14 მაისის არჩევნებში გაიმარჯვებს",- ვკითხულობთ განცხადებაში.
ცნობისთვის, 25 აპრილს, თურქეთის პრეზიდენტი ერთ-ერთი თურქული ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს შეუძლოდ გახდა. ამის გამო პირდაპირი ეთერი დროებით შეწყდა. თურქული მედიის ინფორმაციით, სატელევიზიო პროგრამა, რომელიც საპრეზიდენტო კომპლექსიდან გადაიცემოდა, დაგეგმილზე 1.5 საათით გვიან, 23:30 საათზე დაიწყო.
ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთის პრეზიდენტს მიოკარდიუმის ინფარქტი აქვს და კლინიკაში გადაიყვანეს.