
2008 წლის ომში ბოლომდე გავმართლდით და ვიპოვეთ სამართლიანობა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში - ნათქვამია საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებაში, სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ჩვენი გმირების დამსახურებაა, რომლებმაც 2008 წელს დაიცვეს სახელმწიფო:
2008 წლის ომში ბოლომდე გავმართლდით და ვიპოვეთ სამართლიანობა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.
ჩვენ მაშინ გადავარჩინეთ ქართული სახელმწიფოებრიობა და მე ვამბობდი, რომ სრულად აღვადგენდი სამართლიანობასაც. ახლა ვამბობ, რომ საქართველო ისევე, როგორც უკრაინა, 1991 წლის საზღვრებში განახლდება.
ეს სასამართლო გადაწყვეტილება ჩვენი გმირების დამსახურებაა. მათ რომ მაშინ სახელმწიფოებრიობა არ შეენარჩუნებინათ, ევროპელი ლიდერები რომ არ ჩამოსულიყვნენ, ამერიკას მე-6 ფლოტი რომ არ გამოეგზავნა, ჩივილითაც კი არავინ იჩივლებდა. ჩვენ კი მთელი მსოფლიო ფეხზე დავაყენეთ.
ჩვენ უახლოეს თვეებში, წლებში და ათწლეულებში ბევრად მეტად დაგვჭირდება დასავლეთში ინტეგრაცია.
თუმცა, რაც მთავარია, ქართველებს მინიმალური ერთობა გვჭირდება!" ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.
აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგმა რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა.