თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, კომპანია სადაც მისი შვილი მუშაობდა ქოლ-ცენტრი იყო. ბაჩალიაშვილი სუს-ის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის გვარს ასახელებს და მოელის, რომ საქმეზე სხვა მოწმეებიც გამოჩნდებიან.
"გამოჩნდებიან ახლა ბევრი მოწმეები, ძალიან ბევრი, იმიტომ რომ აქ ძალიან დიდი გველის თავია დამარხული, ძალიან დიდი ჯაჭვია, სად გადის ეს უკვე მთელმა ქვეყანამ იცის. სადაც მუშაობდა ქოლ-ცენტრი იყო ეგა, ლილუაშვილი კურირებსო ბავშვმა მე მითხრა.
ბორჯომში ვიყავით, ვისვენებდით. ტელეფონზე დაირეკა, 10 საათი იყო სადღაც - სასწრაფოდ უნდა წავიდეო, აფორიაქდა. სად მიდიხარ მამა თქო, არა სამსახურში, გეხვეწები - უნდა წავიდეო...შვილო, რა არის ესეთ რა ხდება მეთქი და აი სამსახურიო, ძალიან მივქარე რომ მივედო მანდო," - თქვა თამარ ბაჩალიაშვილის მამამ.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. იგი რამდენიმე დღეში, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
პროკურატურა საქმეს 5 თვის განმავლობაში იძიებდა და როგორც საბოლოოდ განაცხადა, 23 წლის ქალმა თავი მოიკლა.
ბაჩალიაშვილის საქმე აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც მისი საქმის პირველმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ საჯაროდ განაცხადა, რომ ეჭვი აქვს საქმის მთავარი მტკიცებულებები გაყალბების შესახებ.
პროკურატურამ დღეს განცხადება გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გამომძიებელი შუბითიძე კი, რომელმაც მტკიცებულებების შესაძლო გაყალბებაზე ისაუბრა, საგამოძიებო უწყებამ დღეს გამოკითხვაზე დაიბარა.