"კაწრომ" დნმ-ი ჩააბარა

გამოქვეყნდა:

ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე "კაწრომ", სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დნმ-ს ანალიზი ჩააბარა. "კაწროს" ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა, დნმ-ს ანალიზი ნაბაყოფლობით ჩააბარა.

შაქარაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე, ავთანდილ ბილანიშვილმა 2020 წლის 1-ელ აგვისტოს დნმ-ის ნიმუში ნებაყოფლობით ჩააბარა საექსპერტო ბიუროს. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ავთანდილ ბილანიშვილს არანაირი შეხება არ აქვს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში, არც ირიბი და არც პირდაპირი, - ამბობს თამარ აბესაძე.

ცნობისთვის, „მთავარ არხზე“ 26 ივნისს გასული რეპორტაჟიდან ირკვევა, რომ „ნახალოვკის“ სპორტსმენების დაჯგუფებას კანონიერი ქურდის, კაკო ბილანიშვილის შვილი, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ ხელმძღვანელობს.  „კაწრო“ ბერა ივანიშვილის მეგობარიცაა, მეტიც, ბილანიშვილი ბერას შვილის ნათლიაა. მათ შორის კავშირს, სოციალურ ქსელებში გავრცელებული არაერთი ფოტოც მოწმობს.

7 ივლისს, „მთავარის“ მიერ გავრცელებული ვიდეოკადრების შემდეგ, გამოითქვა ვარაუდი, რომ სწორედ „კაწროა“ ის პირი, რომელიც ამირხანაშვილთან დიდუბის სადგურში მას შემდეგ მივიდა, რაც „ოქროს მოწმე“ იქ მცხეთიდან მომავალმა „ტოიტა ქამრიმ“ დატოვა.

ახალგაზრდა, თეთრპერანგიანი კაცი დიდუბეში თეთრი, უფანჯრო მიკროავტობუსიდან ჩამოვიდა, რამდენიმე მეტრი გაიარა, შემდეგ კი ამირხანაშვილს ესაუბრა.

რაზე ისაუბრეს ამ ადამიანმა და „ოქროს მოწმემ“, არავინ იცის - ჩვენებაში ამ თემაზე არავინ საუბრობს. უფრო მეტიც, ამირხანაშვილი არცერთ ჩვენებაში არ ამბობს, რომ დიდუბეში თეთრპერანგიან მამაკაცს შეხვდა.

კადრების გასაჯაროებიდან მესამე დღეს „კაწრო“ რაჭაში, „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთადაც
იმყოფებოდა. მხოლოდ ამის შემდეგ, 8 ივლისს დაიბარეს ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" გამოკითხვაზე.

ამავე დღეს, გამოკითხვაზე იმყოფებოდა საქმის ახალი ფიგურანტი, ლევან ლურსმანაშვილიც. ის შსს-ში მას შემდეგ მივიდა, რაც ბილანიშვილმა ტერიტორია დატოვა, მისმა ადვოკატმა კი თქვა, რომ კადრებში „კაწრო“ კი არა, ე.წ „კაწრო მეორე“, ანუ თეთრპერანგიანი მამაკაცი ჩანს.

მოგვიანებით, 14 ივლისს, კაწროს მეუღლემ, ნათია რუხაიამ, ბილანიშვილის ნაცვლად, "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ქარტიაში უჩივლარის შემდეგაც, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ გადაწყვიტა, რომ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ქარტიის პირველი პრინციპი (სიზუსტე) დაარღვია

 შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი