
უკრაინა მოახლოებული საგაზაფხულო კონტრშეტევის დეტალებს მოკავშირეებს უმალავს, რათა თავიდან აიცილოს საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს შეტევაზე. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.
მედია ამბობს, რომ სტატიაში მითითებული დეტალები უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობასთან კავშირის მქონე ორ ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელეს.
ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა Politico-ს განუცხადეს, რომ კიევი კონტრშეტევის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისგან თავს იკავებს, მიზეზი კი აშშ-ის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაა. კერძოდ, უკრაინელები ამერიკელ კოლეგების არ უზიარებენ ინფორმაციას კონტრშეტევისთვის მზად მყოფი ჯარების განლაგების ვადის, ადგილმდებარეობისა და რაოდენობის შესახებ.
"მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ჯერ კიდევ უზიარებს ძირითად სადაზვერვო ცნობებს აშშ-სა და ევროპის სხვა ქვეყნებს, რომლებიც მას იარაღით უჭერდნენ მხარს გასული წლის განმავლობაში, ქვეყნის ოფიციალური პირები მუშაობენ ბრძოლის ველთან დაკავშირებული დეტალების ფართოდ გავრცელების თავიდან ასაცილებლად.",- ამ ინფორმაციას Politico წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინელმა დეპუტატმა, რომელიც საინფორმაციო სააგენტოს ანონიმურობის პირობით ესაუბრა, თქვა, რომ კიევის მაღალი თანამდებობის პირები კონტრშეტევის დეტალებს სხვა უკრაინელ პოლიტიკოსებსაც არ უზიარებენ. „ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე ადამიანია, ვინც გეგმა იცის“, - განაცხადა დეპუტატმა.
პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Politico-ს განუცხადა, რომ ცვლილებები არ მომხდარა და ვაშინგტონი და კიევი აგრძელებენ ინფორმაციის გაცვლას იმავე დონეზე. „არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ უკრაინა რაიმეს მალავს აშშ-გან“, - თქვა მან.
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ უკრაინელების ფარულობის შესახებ კომენტირებისას თქვა: "მათ არ აქვთ ვალდებულება, შეგვატყობინონ ან წინასწარ გვითხრან“.