
"ქართული ოცნების" დეპუტატის, ნიკა სამხარაძის განცხადებით, მისთვის წარმოუდგენელია, რომ პარტიას რაიმე სანქცია დაედოს იმ კონფერენციაში მონაწილეობისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში, უნგრეთში ტარდება. ასე გამოეხმაურა მან ევროპელი სოციალისტების პარტიის განცხადებას "ოცნებისთვის" სტატუსის შეჩერების განხილვაზე.
სამხარაძის თქმით, მან არ იცის თუ ღირს ისეთ ჯგუფში დარჩენა, რომელიც კონკრეტულ კონფერენციაში უკრძალავს მონაწილეობას.
"ჩვენთვის წარმოუდგენელია ის ფაქტი, რომ კონფერენციაში მონაწილეობა, თან იმ კონფერენციაში რომელიც ტარდება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში და იმ კონფერენციაში, რომელშიც თავის დროზე გამოდიოდნენ რონალდ რეიგანი, ჯორჯ ბუში და ასე შემდეგ, ამ კონფერენციაში მონაწილეობისთვის პარტიამ, რომელიც არის დამკვირვებელი ევროპელ სოციალისტებში რაიმე სანქცია მიიღოს.
რა თქმა უნდა, ამას დასჭირდება ალბათ ახსნა-განმარტება, თუ ასეთი მიუღებელია იმ კონფერენციაში მონაწილეობა, მაშინ საერთოდ უნგრეთის ადგილი ევროკავშირში როგორ არის. ანუ, ეს ხომ ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანაა. მე საერთოდ არ ვიცი თუ ღირს ასეთ ჯგუფში დარჩენა, თუ კონფერენციაში მონაწილეობას გიკრძალავს შენივე პოლიტიკური ჯგუფი", - თქვა ნიკა სამხარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროპელი სოციალისტების პარტიამ დაგმო ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა უნგრეთის კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაზე. როგორც მათ განაცხადეს, ისინი მომდევნო სხდომაზე "ოცნებისთვის" სტატუსის შეჩერებას განიხილავენ.