"საპასუხო შეტევისთვის დიდი ხანია, ვემზადებით... ამას ყველა გაიგებს" | არახამია

გამოქვეყნდა:

"საპასუხო შეტევისთვის დიდი ხანია, ვემზადებით... ამას ყველა გაიგებს",  - ამის შესახებ ზელენსკის ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია "მთავარ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს. 

"ამას ყველა გაიგებს, რადგან ეს იქნება ფართომასშტაბიანი ოპერაცია - ჩვენი საპასუხო შეტევა. უკრაინა დიდი ხანია ემზადება, პარტნიორები გვაძლევენ აღჭურვილობას. მაგრამ ამავდროულად ოპერაციის დაწყებამდე ბევრი გამოწვევაა, მათ შორისაა ხალხის გადამზადება. მაგალითად, შეიძლება დღეს ადამიანი ავტობუსის მძღოლი იყოს, ხვალ კი დასჭირდეს ტანკის მართვა ისწავლოს. ამას დრო სჭირდება. ამასთანავე ჩვენ ახლა უკრაინაში გვაქვს NATO-ს სხვადასხვა ტიპის თანამედროვე აღჭურვილობა და ტექნიკა, მაგალითად ლეოპარდ 1, ან ლეოპარდ 2, ჩელენეჯერი, რომლებმაც ერთობლივად სინქრონში უნდა იმუშაოს. ჩემი აზრით, ახლა უკრაინას აქვს ყველაზე კარგი გამოცდილება და ცოდნა, როგორ დააკავშიროს ერთმანეთთან NATO-ს განსხვავებული ტექნიკა და ერთიან სისტემაში მოაქციოს. 

ახლა ყველა პოლიგონი სავსეა, მიმდინარეობს ინტენსიური წვრთნები. მეც დავდივარ სამხედრო ბაზებზე და გავდივარ სამხედრო მზადებას, რომელიც საკმაოდ რთულია, მაგრამ ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ რეალური წარმოდგენა მქონდეს, რა დრო სჭირდება ადამიანების გადამზადებას. წვრთნებში სხვა დეპუტატებიც მონაწილეობენ, მაგრამ ამ თემაზე უკრაინულ მედიასთან არ ვსაუბრობთ, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური პიარად არ ჩაგვითვალონ. სინამდვილეში, ჩვენი მიზანი მხოლოდ ერთია, ვიცოდეთ რა ხდება სინამდვილეში, სად გვაქვს სუსტი წერტილები და სად ძლიერი მხარეები", - ამბობს არახამია. 

არახამიამ სამშვიდობო მოლაპარაკებების კონტექსტში ჩინეთთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი განცხადებით, არ ფიქრობს, რომ ჩინეთი შეიძლება გახდეს გარანტორი... 

"არ ვფიქრობ, რომ ჩინეთი შეიძლება გახდეს გარანტორი, ჩინეთიც არის გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი, სადაც რუსეთს აქვს ვეტოს უფლება და ჩინეთიც მის გვერდით არის. ახლახან, პრეზიდენტ ზელენსკის ჰქონდა საუბარი სი ძინპინთან, ჩვენ ამ ყველაფერს ძალიან ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებთ.

რაღა თქმა უნდა, ჩინეთს სურს აჩვენოს მთელს მსოფლიოს, რომ ეს ომი მისი მონაწილეობის გარეშე ვერ დასრულდება. მაგრამ რა ტიპის მონაწილეობას აპირებს, ეს ჯერ კიდევ უცნობია. მაგალითად კარგი იყო, როდესაც სი ძინპინმა თქვა, რომ ის არის ბირთვული ტერორის წინააღმდეგი.

ბირთვული შანტაჟის, რომელსაც რუსეთი ყოველ ჯერზე მიმართავდა, როდესაც ჩვენ ვითხოვდით დამატებით შეიარაღებას. როდესაც ჩინეთი პირდაპირ ამბობს, რომ ის წინააღმდეგია ბირთვული შანტაჟის, ეს კარგი სიგნალია პუტინისთვის, არ ეთამაშოს ამ სახიფათო თემებს", - ამბობს არახამია. 

ინტერვიუ სრულად: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი