"ფაქტობრივად, უკრაინა NATO-ს წევრია... ველოდებით პოლიტიკურ მესიჯს და არამხოლოდ მაპს" | არახამია

გამოქვეყნდა:

"ფაქტობრივად, უკრაინა NATO-ს წევრია... ველოდებით პოლიტიკურ მესიჯს და არამხოლოდ მაპს" - ამის შესახებ ზელენსკის ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია "მთავარ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს. 

"რაღა თქმა უნდა,  ფაქტობრივად უკრაინა NATO-ს წევრია, რადგან სამხედრო თვალსაზრისით, ჩვენ NATO-ს სტანდარტებს უკვე ვაკმაყოფილებთ. ეჭვი მეპარება რომელიმე NATO-ს წევრმა ქვეყანამ უკეთესად ჩააბაროს სამხედრო გამოცდა დღეს, ვიდრე უკრაინამ. ჩვენ უკვე ვიცით, როგორ დავგეგმოთ, როგორ ვიბრძოლოთ, როგორ ვმართოთ, როგორ მოვახდინოთ სინქრონიზაცია NATO-ს სტანდარტების მიხედვით.

ბევრი დამკვირვებელი გყავს: ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან და გერმანიიდან - ისინი ამბობენ, რომ ჩვენ მზად ვართ. ეს ახლა წმინდად პოლიტიკური საკითხია, რადგან ბევრ ქვეყანას მაინც არ სურს რუსეთთან ურთიერთობების კიდევ უფრო დაძაბვა. თუმცა, ვნახეთ, რომ ფინეთის შემთხვევაში ეს სხვაგვარად მოხდა და რუსეთმა საკუთარ საზღვართან უფრო მეტი NATO მიიღო. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის გააზრება მოხდება და ჩვენ ველოდებით, პოლიტიკურ მესიჯს და არამხოლოდ მაპს - გაერთიანების სამოქმედო გეგმას. 

...რაღაც უფრო სწრაფი პროცედურა, სწრაფი გზა გვჭირდება. 

დიახ, სწორედ ასეა! პირდაპირ უნდა გვითხრან, დიახ, ბიჭებო, თქვენ NATO-ში იქნებით 3-4 წელიწადში, თუმცა მანამდე, აი, თქვენ უსაფრთხოების გარანტიები ომის შემდეგ", - ამბობს არახამია.

ის რუსეთთან მოლაპარაკებების ჯგუფში ყოფნის პერიოდსაც ისხსენებს - ამბობს, რომ "მშვიდობის შეთანხმებაზე" საუბრისას მთავარი თემა იქაც სწორედ უსაფრთხოების გარანტიები იყო. 

"...რაც ყველაზე კომიკური იყო, რუსეთს თავად სურდა, რომ ყოფილიყო მშვიდობის გარანტორი, რუსეთს, რომელმაც არაერთხელ დაარღვია ეს მოლაპარაკებები - დაწყებული ბუდაპეშტიდან. ...ჩვენ არ გვინდა ბუდაპეშტის მემორანდუმის მსგავსი, გვინდა უფრო მყარი გარანტია და სწორედ აქ გვჭირდება საერთაშორისო საზოგადოების დიდი მხარდაჭერა, რომ შეიქმნას უსაფრთხოების რეალური მექანიზმი. ჩვენ გვაქვს პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად კიევის უსაფრთხოების კონცეფცია, ეს არის გარდამავალი, შუალედური გამოსავალი, ვიდრე გავხდებით NATO-ს წევრი. ეს უნდა იყოს კონტრაქტი და არა მემორანდუმი. სადაც ზუსტად გაიწერება, რომ ამერიკა გვაძლევს კონკრეტულ თანხას, სიტყვაზე, დიდი ბრიტანეთი გვაძლევს ამდენ და ამდენ იარაღს, ვთქვათ გერმანია ტანკებს. ისევე როგორც კონტრაქტშია გაწერილი... 

[...]

ჩვენ გვაქვს პრეზიდენტ ზელენსკის მეთაურობით შემუშავებული 10-ნაბიჯიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც ცნო და აღიარა ბევრმა მთავრობამ, სადაც პირდაპირ წერია, რომ ვიდრე მივუჯდები მოლაპარაკების მაგიდას, რუსები უნდა წავიდნენ 1991 წლის საზღვრებამდე, რადგან ყველა ქვეყანა მათ შორის ჩინეთიც ამბობს, რომ ის პატივს სცემს გაეროს პრინციპებს. გაეროს პრინციპების მიხედვით კი ყველამ პატივი უნდა სცეს წევრი ქვეყნების სუვერენიტეტს. [ჟურნალისტი: ყირიმის ჩათვლით?] - დიახ, ყირიმის ჩათვლით. ამის შემდეგ თუ რეალური დიალოგი სურთ, დავსხდეთ მაგიდასთან და განვიხილოთ სხვა საკითხები, გადავჭრათ ისინი მშვიდობიანად. ისე, როგორც ხდება თანამედროვე საზოგადოებაში, მაგრამ რუსეთი არ იქცევა 21- ე საუკუნის სტანდარტებით. თუმცა ჩვენ მასზე ზეწოლის ყველა გზა უნდა მოვძებნოთ", - განაცხადა არახამიამ.

ინტერვიუ სრულად: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი