"ჩვენი აპლოდისმენტები ქართველ მებრძოლებს... შევეცდებით, დავეხმაროთ საქართველოს, გახდეს ევროკავშირის წევრი" | არახამია

გამოქვეყნდა:

"ჩვენი აპლოდისმენტები ქართველ მებრძოლებს... შევეცდებით, დავეხმაროთ საქართველოს, გახდეს ევროკაშირის წევრი", - ამის შესახებ ზელენსკის ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ, დავით არახამიამ, "მთავარ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მან უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებზე, ასევე, საერთო გამოწვევებსა და მიზნებზე ისაუბრა: 

"ჩვენი აპლოდისმენტები მათ [ქართველ მებრძოლებს], ქართველები უკრაინის თავისუფლებისთვის იბრძვიან ჯერ კიდევ 2014 წლიდან, როდესაც დონბასში ვითარება გამწვავდა, ხოლო მას შემდეგ, რაც სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ქართველი მეომრების რიცხვი გასამმაგდა. მე ვნახე ბოლო კვლევა საქართველოში, სადაც გამოკითხულთა 80 პროცენტზე მეტი ამბობს, რომ ომი უკრაინაში მათი საკუთარი ომია. რადგან ქართველების უმეტესობამ იცის, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეოკუპაციისთვის უკრაინაში უნდა გაიმარჯვონ, რომ რუსები ჯერ აქედან უნდა გავაძევოთ, მერე საქართველოში დაბრუნდნენ და იქ აჩვენონ გაკვეთილი.

აქვე უნდა ვთქვა ისიც, რომ როდესაც ომი დაიწყო, ატყდა არაჯანმრთელი ხმაური, რომ საქართველომ უნდა გახსნას მეორე ფრონტი, მაგრამ ეს სრული სისულელეა. ახლა ამის დრო არ არის, საქართველოს ახლა არ აქვს რესურსი, ომი გააჩაღოს. თუმცა, საქართველომ, რომელსაც ასეთი მეზობელი ჰყავს და ოკუპირებული ტერიტორიები აქვს, სულ უნდა აშენოს ძლიერი არმია, რადგან რუსეთი მუდმივად ცდილობს მეზობლების პოლიტიკურ დესტაბილიზაციას, ხედავთ, მოლდოვაში რაც ხდებოდა. 

შეერთებულ შტატებს სერიოზული სანქციები დაჭირდა, იგივე გააკეტა ევროპამაც, რომ მოლდოვაში ვითარება არ გამწვავებულიყო. 

[...]

ეს თავიდან ბოლომდე რუსული შიშებია, რუსული სცენარია. რუსები შოკში ჩავარდნენ, როდესაც მიხვდნენ, რომ უკრაინელებს შეუძლიათ მათთან ბრძოლა და წინააღმდეგობის ეფექტურად გაწევა. ამის შემდეგ ეფ ეს ბეს შეეშინდა და დაიწყო ხმების გავრცელება, რომ უკრაინელებს ყველგან უნდათ ომის დაწყება. იგივე იყო ყაზახეთშიც. მოკლედ იმისთვის, რომ საბოლოოდ არ დაეკარგათ თავისი პოზიციები ყოფილ საბჭოთა კავშირში გააჩაღეს პროპაგანდა, რომ უკრაინას ომი უნდა ყველგან. არადა ეს ასე სრულიად არ არის.

ჩვენ არავითარი ომი არ გვინდა საქართველოში. მე მომისმენია საქართველოს მთავრობის  წევრების ბრალდებები, რომ ჩვენ ომი გვინდა საქართველოში. ეს სისულელეა - უკრაინას არ სურს, სადმე ომი იყოს, ერთადერთი შეიძლება ეს რუსეთში გვინდოდეს მხოლოდ. როგორ შეიძლება ომი გვინდოდეს იმ ქვეყანაში, საქართველოში, რომელმაც შეიფარა ბევრი დევნილი, საბედნიეროდ ეს ხალხი უკან ბრუნდება და როდესაც სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანების განწყობას ვკითხულობთ მათ მიმართ მოპყრობაზე, საქართველო ტოპ სამეულშია ყოველთვის.

საქართველოდან დაბრუნებულები სულ ამბობდნენ, არაჩვეულებრივი მიღება მოგვიწყო ქართველმა ხალხმაო. ეს მუდმივად რჩება მეხსიერებაში. უკრაინელებს მუდმივად ემახსოვრებათ, რომ ქართველი ხალხი ძნელბედობის დროს გვეხმარებოდა, ამიტომ ჩვენც მუდმივად იგივე განწყობა გვაქვს. ჩვენ ახლა შევეცდებით დავეხმაროთ საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი", - ამბობს არახამია. 

ინტერვიუ სრულად: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი