"თუ მართლა გინდა EU-ში, აგენტების კანონს არ დაარეგისტრირებ... უკრაინაში კანონის ავტორს პარლამენტიდან გააგდებდნენ" | არახამია

გამოქვეყნდა:

"თუ მართლა გინდა ევროკავშირში, აგენტების კანონს არც კი დაარეგისტრირებ. ეს რომ უკრაინაში მომხდარიყო, კანონის ავტორს პარლამენტიდან გააგდებდნენ", - ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია "მთავარ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს. 

"სამწუხაროდ მთავრობას არ სურს ევროკავშირში რეალური ინტეგრაცია. ერთი მხრივ ევროკავშირისკენ არიან, მეორე მხრივ სულ უფრო უახლოვდებიან რუსეთს. მე მაქვს ბოლო წლის სტატისტიკა, როგორ გაიზარდა ექსპორტი და იმპორტი რუსეთთან, ზოგიერთი პროდუქტის იმპორტი 500 პროცენტითაა გაზრდილი, ზოგის 400-ით, იმის ნაცვლად, რომ ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობები გამყარდეს. ეს მიჩენს ეჭვს, რომ ეკონომიკა ამოძრავებს პოლიტიკასაც. ეს კარგად აჩვენებს, საით არიან. თუ მართლა გინდა ევროკავშირში, აგენტების კანონს არც კი დაარეგისტრირებ. ეს რომ უკრაინაში მომხდარიყო, აგენტების კანონის ავტორს გააგდებდნენ პარლამენტიდან. საქართველოში ეს როგორ ხდება, ვინ იყო ავტორი, კობახიძე?",- დაინტერესდა არახამია. 

მას შემდეგ კი, რაც ჟურნალისტმა უპასუხა, რომ კანონპროექტი თავდაპირველად "ხალხის ძალამ" წარადგინა, რომელიც იგივე "ქართული ოცნებაა", შემდეგ კი პროცესში კობახიძეც ჩაერთო, არახამიამ თქვა: 

"ჩვენც გვქონდა მსგავსი რამ მაიდნისას, 16 იანვარს შეიკრიბა პარლამენტი და აპირებდა კანონის მიღებას, რომლის მიხედვითაც 3 კაცი თუ ქუჩაში შეიკრიბებოდა და სახეზე ნიღაბი ექნებოდა, უნდა დაეჭირათ. ჩვენ ამ კანონს 16 იანვრის კანონს ვუწოდებთ, ვინც მხარი დაუჭირა ამ კანონს, ახლა პოლიტიკაში აღარ არიან. მათი სია ყველასთვის იყო ცნობილი, ეს იყო ლუსტრაცია. ისინი განდევნილები აღმოჩნდნენ პოლიტიკიდან. როდესაც ვნახე აგენტების რუსული კანონი, იგივე განცდა მქონდა", - განაცხადა არახამიამ. 

ინტერვიუ სრულად: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი