
"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, უკრაინა აცხადებს, რომ თუკი გაეროსა და თურქეთის შუამავლობით უკრაინას და რუსეთს შორის მიღწეული ხელშეკრულება არ გაგრძელდება, მარცვლეულის ექსპორტისთვის ალტერნატიული გზებიც არსებობს.
გამოცემა წერს, რომ "შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის" სახელით ცნობილ შეთანხმებას ვადა 18 მაისს ეწურება და უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რომ ის ამ შესაძლებლობას "აპოკალიპტურად" არ აღიქვამს.
როგორც "ამერიკის ხმა" იუწყება, უკრაინის შავი ზღვის პორტებს რუსეთი ბლოკავს. 2022 წლის ივლისში მიღწეული შეთანხმების თანახმად, 3 პორტიდან საექსპორტო ხორბლეულით დატვირთული გემებისთვის გზა გაიხსნა, თუმცა მოსკოვი პერიოდულად მათ ინსპექციას თურქეთში, ბოსფორის სრუტეში აყოვნებს. კრემლი იმუქრება, რომ თუ მისი მოთხოვნები არ შესრულდა, ის შეთანხმებას 18 მაისს დატოვებს.
"ჩვენ არ აღვიქვამთ აპოკალიპტურად მოვლენების მსგავს განვითარებას და ამის მილიონი მიზეზი გვაქვს. უკრაინელმა ფერმერებმა აჩვენეს, რომ მათ ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ და უამრავი [სატრანზიტო] გზა შეიძლება გაიხსნას", - განაცხადა 8 მაისს სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიკოლა სოლსკიმ.
ამასთან, ცნობილია, რომ უკრაინა მარცვლეულის ექსპორტს მდინარე დუნაიზე განლაგებული პორტების საშუალებითაც აგრძელებს.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს ცნობით, მხარეებს შორის მორიგი მოლაპარაკება ამ საკითხთან დაკავშირებით სტამბოლში, 10-11 მაისს იგეგმება. საინფორმაციო სააგენტო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი ვერშინინის განცხადებას ეყრდნობა.