
რუსეთის დუმის "კომუნისტი" დეპუტატი, სერგეი გავრილოვი ამბობს, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმება და პირდაპირი ფრენების აღდგენა ათიათასობით ქართველს სურდა. მისი მტკიცებით, ეს გადაწყვეტილება შედეგია საქართველოს ხელისუფლების თავშეკავებული პოზიციისა და უარისა, რომელიც მან რუსეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობაზე თქვა.
"ეს ათასობით ქართველს სურდა, რადგან ხელს უწყობს ტურისტული კონტაქტებისა და ახალგაზრდების გაცვლის პროცესის გაფართოებას, ვაჭრობის პროცედურების გამარტივებას, არაერთი საინვესტიციო პროექტის განბლოკვას, რომელთა განხორციელება დააკავშირებს რუსეთსა და საქართველოს „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ სატრანსპორტო დერეფნის ფარგლებში, გააძლიერებს ევრაზიის ინფრასტრუქტურული დერეფნების ქსელს", - ამბობს გავრილოვი.
მანამდე მან "მთავარ არხთან" საუბრისას თქვა, რომ საქართველოში პირადად აპირებს ჩამოსვლას, თუმცა არ იცის შემოუშვებენ თუ არა ქვეყნაში.
ცნობისთვის, ფრენების აკრძალვა სწორედ გავრილოვთან დაკავშირებულ მოვლენებს მოჰყვა. 2019 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტში იმართებოდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა, რომლის თავმჯდომარეც დუმის დეპუტატი იყო. 19 ივნისს მან პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაიკავა, რასაც ათასობით ადამიანის პროტესტი მოჰყვა. ხელისუფლებამ 20 ივნისს აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.